19/05/2026
🎉საქველმოქმედო აქცია შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარების მხარდასაჭერად
📌12 მაისს, ბათუმის სამედიცინო აკადემიის და საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასის ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია-ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბათუმში შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარი ოჯახების სოციალურ დახმარებას და მათ მიმართ სამოქალაქო სოლიდარობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოხატვას ისახავდა მიზნად. საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, შინმოვლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ რამდენიმე ოჯახს, ბათუმის სამედიცინო აკადემიის მიერ შეძენილი სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, ეტლი და დამხმარე ინვენტარი გადაეცა. აქციის განხორციელებაში ბათუმის სამედიცინო აკადემიის მოხალისეები / სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას, რაც ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას და მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.
შინმოვლა - სამედიცინო და სოციალური მომსახურებების კომპლექტია, რომელიც ბენეფიციარს ბინაზე მისვლით მიეწოდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. შინმოვლის მხარდამჭერი სერვისის მოსარგებლეთა ძირითად კონტინგენტს წარმოადგენენ ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც მუდმივ სამედიცინო ჩარევას და მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ. შინმოვლის მხარდამჭერი სერვისი, მისი კომპლექსური ხასიათის გათვალისწინებით და მასშტაბურობიდან გამომდინარე, ზრუნვის სექტორში მომუშავე საჯარო სტრუქტურებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის აქტიური ინტერაქციის განვითარების და შესაძლებლობების გაერთიანების აუცილებლობას აჩენს.
ბათუმის სამედიცინო აკადემია და საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი აქტიურად თანამშრომლობს შინმოვლის სფეროში პროფესიული განათლების განვითარებისა და კვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული საქველმოქმედო აქცია მოცემული თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდა და ორგანიზაციებს შორის რესურსებისა და შესაძლებლობების კონსოლიდირების კუთხით აქტიური პარტნიორობა სამომავლოდაც გაგრძელდება.