30/11/2024
განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტებისგან.
ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე რთულ სიტუაციას. გული შეგვტკივა ყველა დაზარალებულსა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანზე. როგორც ქვეყნის მომავალი დიპლომატები, ვხედავთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას. ვემიჯნებით განვითარებულ პროცესებს და ვგმობთ თანამოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ სასტიკ ძალადობას. გათვითცნობიერებული გვაქვს დღევანდელი მძიმე სიტუაცია და ვითხოვთ, როგორც სხვა სტუდენტების, ასევე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციას, რადგან ეს არ არის ერთეულების პრობლემა, ესაა ეროვნული ვალდებულება.
ახლა სწორედ უალტერნატივო ერთიანობის, “მოძრაობისა და მოძრაობის” დროა, რომ არ დაიკარგოს ის თავისუფლება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა: ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, ზვიადიმ თუ მერაბმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე.
ამასთანავე აღსანიშნავია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი რომელიც მოუწოდებს კონსტიტუციურ ორგანოებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თითოეული ჩვენგანის კანონიერი უფლებაა მოვითხოვოთ ქართული კონსტიტუციის მიერ დადგენილი კანონის აღსრულება.
ან ახლა, ან არასდროს. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი. სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანებში გამოღვიძება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც განათლებისა და ღირსების ადგილია, ვალდებულია ცალსახად გამოხატოს საკუთარი პოზიცია და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University