19/12/2025
ელენე გოგიაშვილი
2026 წლის გამოშვება
2026 წელს ელენე სწავლას პარიზში, SKEMA Business School-ში გააგრძელებს.
"სკოლიდანვე თითქოს მშურდა იმ ადამიანების, რომლებმაც ადრეული წლებიდანვე იცოდნენ, რომ ცხოვრებაში ძალიან კონკრეტული სფერო მოსწონდათ და ამ სფეროში საკუთარ თავს გარდაუვლად იპოვნიდნენ. მაშინ როცა ერთადერთი, რაც მე ზუსტად ვიცოდი, იყო ის, რომ ადამიანები უზომოდ მაინტერესებდა და ყველაფერი, რაც ადამიანზე რამეს ყვებოდა, ისიც. ამიტომ, წერა, ლიტერატურა, ფილოსოფია, პოლიტიკა, მალევე იქცა ჩემი ინტერესების მთავარ საგნებად. ანუ, როგორც Gen Z ხშირად ვამბობთ, “ინტროვერტული” სფეროები მიზიდავდა, რომლებთანაც ჩემი სოციალურად აქტიური ბუნება ერთი შეხედვით დისონანსში მოდიოდა. ამ შფოთვის იდეალურ გამოსავლად იქცა 2022 წელს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება - მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაბარება თავისუფალ უნივერსიტეტში.
ეს გზა, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც იმ ზოგადი საგნებით დაიწყო, რომლებზეც აბიტურიენტები ხშირად კამათობენ ხოლმე, საჭიროა თუ არა. თუმცა, სწორედ იმ პირველი კურსის სავალდებულო და მართვის კურიკულუმის საგნების სინთეზით ვისწავლე ისეთი დეტალების შემჩნევა, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება ზედაპირზე ყოველთვის არ ჩანდეს. “Think Outside The Box” აზროვნებამ მომცა თავდაჯერებულობა, რომ ჩემი მსჯელობა არასდროს იქნება შაბლონური, გარე დოგმებით გაჯერებული და რომ ნებისმიერი მორალური კრიზისას ვიქნები ადამიანი, რომელიც მარტივად არ მოტყუვდება.
მეორე კურსზე, როცა პირველად მუშაობა დავიწყე, მეშინოდა, რომ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური სამყარო ისეთ ტექნიკურ ცოდნას ითხოვდა, რომელსაც სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ვერ მომცემდა. თუმცა, როცა პირველი სამსახურის სტაჟირების კონკურსი წარმატებით გავიარე, მივხვდი, რომ უნარები, რომლებსაც მართვის ფაკულტეტი მაძლევდა, არ ჰქონდა მნიშნელობა, რა პროფესიას ავირჩევდი, მიქმნიდა იმ ზოგად ჩარჩოს, რომელიც თანმიმდევრული შრომით ყველა მოთხოვნას მოერგებოდა. მესამე კურსზე მონაწილეობა მივიღე თიბისის სტაჟირების პროგრამაში, სადაც ასევე კონკურსის პრინციპით მარკეტინგის დეპარტამენტში, “სტრატეგიული კომუნიკაციების” გუნდში, მოვხვდი და მომეცა შესაძლებლობა, ჩემი შემოქმედებითი წერის შესაძლებლობები უკვე მასშტაბური ბრენდის მიზნებისთვის გამომეყენებინა. დღეს აქსის თაუერს ველნეს ცენტრში ვმუშაობ, სადაც კიდევ უფრო აქტიურად ვცდილობ საკუთარი თავის მრავალმხრივ აღმოჩენას, რაც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით, მართვის კურსდამთავრებულების, უწყვეტი პროცესია.
ამ პერიოდში ბიზნესის კურიკულუმიდან სხვადასხვა მარკეტინგული საგანი გავიარე, რამაც საბოლოოდ საშუალება მომცა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრიდან შეძენილი “ინსაითები” ბიზნეს გარემოში გამომეყენებინა.
და, საბოლოოდ, საზღვარგარეთ სწავლის დიდხნიანი ოცნებით და ძალისხმევით, ევროპის ერთ-ერთ მაღალ რეიტინგულ ბიზნეს სკოლაში, “Skema Business School”-ის “International Marketing & Business Development” მაგისტრატურის პროგრამაზე შიდა დაფინანსებით ჩავაბარე და გავხდი ეიფელის სტიპენდიის კანდიდატი.
ეს წარმატება არ იქნებოდა, რომ არა ჩემი ახლო ადამიანების უწყვეტი მხარდაჭერა და იმ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტიდან ყოველთვის დაიკავებენ ჩემს გულში შეუცვლელ ადგილს. მართვა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე მიღებული ლიბერალური განათლება კი ყველა გარემოში იქნება ჩემი მთავარი პროფესიული და ეთიკური ორიენტირი."