31/12/2025
🎓27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური გაერთიანება „სხივის“ ორგანიზებით, წარმატებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საბჭოთა კავშირი - პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა“.
🔷კონფერენციამ გააერთიანა თსუ-ის სტუდენტები, რომლებმაც სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით წარმოადგინეს ახალი და საინტერესო კვლევები საბჭოთა ეპოქის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და იდეოლოგიურ პროცესებზე. განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საბჭოთა თემატიკაზე კვლევების საჭიროება თანამედროვე რეალობის გასააზრებლად, ასევე ის, თუ რამდენად მრავალშრიანი და წინააღმდეგობებით სავსეა საბჭოთა მემკვიდრეობა, როგორც ისტორიული გამოცდილება.
🔷კონფერენცია გახსნა ენათმეცნიერმა, თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ მოხსენებით - „საბჭოთა იდეოლოგიის გავლენა ენათმეცნიერებაზე“, რომელშიც განხილული იყო საბჭოთა იდეოლოგიის ზეგავლენა ენათმეცნიერების თეორიულ ჩარჩოებსა და კვლევით პრაქტიკაზე, რაც შეხვედრის დასაწყისშივე კრიტიკულ და აკადემიურად მდიდარ დისკუსიას დაედო საფუძვლად.
🔷კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელის, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, სამეცნიერო კომისიის - მაია ტორაძის, ლიანა მარქარიანისა და თამარ ორჯონიკიძის - შეფასებებმა და აქტიურმა დისკუსიებმა კონფერენციას განსაკუთრებული აკადემიური სიღრმე და მაღალი სამეცნიერო სტანდარტი შესძინა.