School of Education • Ilia State University

School of Education • Ilia State University ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა

01/03/2026

„საფრთხე ექმნება ილიაუნის გერმანული ენის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით“

ეკატერინე შავერდაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით

01/03/2026

„ეს არ არის უბრალოდ სტრატეგიული ცვლილება, ეს არის ინტელექტუალური გარემოს დასუსტება“

ხათუნა დოლიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სკოლამდელი განათლების მიმართულებით

01/03/2026

„ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით ადმინისტრირების პროგრამები არის უნიკალური, რამდენადაც ქვეყანაში სხვაგან ასეთი პროგრამები არ არსებობს“

ელენე ჯიბლაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით

📢ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთა განცხადება ჩვენ, სხვადასხვა სფეროს – ფსიქოლოგიის,  ადრეული ინტ...
23/02/2026

📢ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთა განცხადება


ჩვენ, სხვადასხვა სფეროს – ფსიქოლოგიის, ადრეული ინტერვენციის, ხელოვნების, ენა-მეტყველების, სპეციალური და ინკლუზიური განათლების – წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადრეული განათლების ირგვლივ გავერთიანდით. ამ ინტერდისციპლინური თანამშრომლობის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ვაშენებდით ადრეული განათლების პროგრამას – ვიკვლევდით და ვემსახურებოდით ბავშვის განვითარებას, ვთანამშრომლობდით სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებთან, ვქმნიდით ახალ პროფესიულ სივრცეს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაყალიბებდით თანამედროვე ხედვას ადრეული განათლების შესახებ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეხმიანებით უნივერსიტეტისათვის პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებების ჩამოშორების მცდელობას.

ჩვენთვის ილიაუნი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ადმინისტრაციული სტრუქტურა ან პროგრამების ერთობლიობა. ეს არის განვითარების გარემო – სივრცე, რომელშიც ერთიანდება სხვადასხვა სფეროს ცოდნა და გამოცდილება, ყალიბდება პროფესიული იდენტობა და ჩნდება ახალი საგანმანათლებლო ხედვები. სწორედ ასეთ გარემოში შეიქმნა ადრეული განათლების თანამედროვე საბაკალავრო პროგრამაც.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ფორმალურად შენარჩუნებულია, მისი დატოვება იმ არგუმენტით, თითქოს იგი წარმოადგენს ტრადიციული, „ძველი“ პედაგოგიკის გაგრძელებას, რეალობას არ შეესაბამება. ადრეული განათლების ეს პროგრამა არ არის წარსულის მოდელების განახლება და მით უმეტეს – არ წარმოადგენს საბჭოთა პედაგოგიური სისტემის გაგრძელებას. საბჭოთა პედაგოგიკისგან განსხვავებით, თანამედროვე ადრეული განათლება ბავშვს ავტონომიურ, აქტიურ, საკუთარი განვითარების თანამონაწილე ინდივიდად ხედავს. ეს ხედვა მოითხოვს ისეთ პროფესიონალს, რომელიც თავად არის ავტონომიური, კრიტიკული და შემოქმედებითი.

სწორედ ასეთი პროფესიონალების მომზადებას ემსახურება ეს პროგრამა, რომელიც შეიქმნა არა ისტორიული ინერციით, არამედ ილიას უნივერსიტეტში დაგროვილი ინტერდისციპლინური ცოდნითა და გამოცდილებით. ილიაუნის აკადემიურმა სივრცემ შექმნა ნიადაგი თანამედროვე ადრეული განათლების ხედვისთვის და განსაზღვრა მისი ღირებულებითი საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამაზე განსაზღვრული 20-ადგილიანი კვოტა ვერ პასუხობს დარგის რეალურ საჭიროებებს და აჩენს კითხვებს როგორც საგანმანათლებლო პოლიტიკის, ისე უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის შესახებ.

საქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებს კვალიფიციური აღმზრდელების, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების დეფიციტს, რის გამოც ბოლო წლებში პროგრამები შეიქმნა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მიღება მხოლოდ 2024 წელს დაიწყო და სისტემას ჯერ კურსდამთავრებულებიც არ ჰყავს, შედარებით დაბალი მოთხოვნა არ ნიშნავს საჭიროების ნაკლებობას – იგი უფრო პროფესიის დაბალ სოციალურ და ეკონომიკურ მიმზიდველობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ პროგრამის განვითარება ეტაპობრივად იყო დაგეგმილი, თუმცა 20-ადგილიანი მკაცრი შეზღუდვა ზღუდავს უნივერსიტეტის შესაძლებლობას, გაზარდოს მიღება დარგის რეალური მოთხოვნის შესაბამისად.

და ბოლოს, განვითარების ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ პოტენციალის რეალიზაცია დამოკიდებულია გარემოზე. გარემო შეიძლება იყოს განვითარების მხარდამჭერი ან შემზღუდავი. იგივე პრინციპი მოქმედებს პროფესიული იდენტობის ფორმირებაზეც. ადრეული განათლების პროგრამა ჩამოყალიბდა ილიაუნის აკადემიურ გარემოში და მისი განვითარება სწორედ ამ ინტელექტუალურ სივრცეზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რეფორმა რომელიც ზღუდავს მრავალფეროვნებას, ასუსტებს დისციპლინებს შორის კავშირებს და ამცირებს აკადემიურ ავტონომიას, ვერ შექმნის ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც თავად ქმნიან თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს ბავშვებისთვის.

✍️
- ხათუნა დოლიძე, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი

- ნინო ჯიჯავაძე, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- ანა ჯანელიძე, ხელოვნების მაგისტრი (ადრეულ ასაკში განათლება და ზრუნვა, საბავშვო ლიტერატურა და ილუსტრაცია), განათლების მაგისტრი (ადამიანის განვითარება და ფსიქოლოგია), ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- ირინე რუხაძე, ზოგადი პედიატრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- თამარ ბაქრაძე, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- თამთა კუხალეიშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- ცირა ბარქაია, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი, ინკლუზიის და ადრეული განათლების სპეციალისტი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- თამარ საღინაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი; ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- ლია ქურციკიძე, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- ნინო გულიაშვილი, ოკუპაციური თერაპევტი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი

- თამარ შკუბულიანი, ფსიქოლოგი, ადრეული განათლების სპეციალისტი

📢ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადებაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენ...
13/02/2026

📢ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.

როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.

განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის.

განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით.

მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია.

ერთობისკენ მოვუწოდებთ უნივერსიტეტებს, რომ დავიცვათ საქართველოს აკადემიური საზოგადოების ღირსება და ქვეყნის მომავალი.

12/02/2026

📢ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების განცხადება

დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გააკეთა განცხადება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით „უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“.

ამ დადგენილების მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკრძალება სტუდენტების მიღება ყველა სასწავლო პროგრამაზე, გარდა პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებისა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, კლავს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით მიმართულებებსა და სასწავლო პროგრამებს, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილებით ეკრძალება მიღება სრულად აკრედიტებულ პროგრამებზე; უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, წარმართოს კვლევა მაღალი დონის სამეცნიერო ლაბორატორიებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ უნიკალურ ბაზებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

ამ დადგენილებით ილიას უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს სასწავლო და კვლევითი პროგრამები მეცნიერების ყველა იმ დარგში (სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები), რომლებშიც ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უპირობო ლიდერია საქართველოში.

ეს დამაზიანებელი გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის 17000-ზე მეტ სტუდენტსა და 3000-მდე თანამშრომელს, არამედ მთელ საზოგადოებას, რომლის განვითარებაში ილიას უნივერსიტეტს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

მოვითხოვთ, გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევის მონაცემებს, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს ილიას უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში.

მოვითხოვთ, გადაწყვეტილების მიმღები პირები დაუყოვნებლივ შეხვდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებას.

▪️ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
▪️ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო
▪️მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო
▪️სამართლის სკოლის საბჭო
▪️საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო
▪️ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო

#ვიცავილიაუნის

----------

📢Ilia State University: Highest Collegial Governing Boards’ Statement

Today, the Government of Georgia made a decision, and the Minister of Education, Science, and Youth issued a statement regarding the allocation of quotas in state universities, “in accordance with the principle of one city – one faculty established by the Higher Education Reform Concept, essentially taking into account the traditional profiles of universities”.

Under this decree, Ilia State University is prohibited from admitting students to all academic programs except pedagogy and ABET-accredited STEM fields.

This decision is unconstitutional and undermines higher education in Georgia, university autonomy, and academic freedom. It destroys internationally recognized research areas and academic programs, as well as the country’s prospects for European development.

Ilia State University is an authorized higher education institution that, under this decision, is prohibited from admitting students to fully accredited programs. The university is deprived of the opportunity to conduct research in high-level scientific laboratories and at unique research bases located in various regions of Georgia, which have been developed over the years through local and international collaboration.

This decree strips Ilia State University of the ability to implement educational and research programs across all fields of science – including social sciences and humanities, life sciences, and Physical sciences – in which Ilia State University is the undisputed national leader according to international rankings.

This harmful decision affects not only more than 17,000 students and up to 3,000 employees of Ilia State University, but also the broader society, to whose development the university makes a significant contribution.

We demand the revocation of this decision, which is not based on evidence or research data, does not take into account the positions of field experts, and destroys Ilia State University’s achievements in research and teaching.

We call on the decision-makers to immediately meet with the university community.

▪️Academic Board, Ilia State University
▪️Representative Board, Ilia State University
▪️Faculty Board, Faculty of Arts and Sciences
▪️Board, School of Law
▪️Faculty Board, Natural Sciences and Medicine
▪️Faculty Board, Business, Technology, and Education

📣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული ...
09/02/2026

📣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტატუსის ცვლილების შესახებ

ჩვენ, აკადემიური და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის (300 კრედიტი) 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია დარგის სპეციალისტების, უნივერსიტეტების, პროფესიული და აკადემიური საზოგადოების ჩართულობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პოლიტიკის, აკადემიური თავისუფლებისა და პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებს. საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე, რაც ეფუძნება გრძელვადიან პროცესს და მოითხოვს უნივერსიტეტების წარმომადგენლების, დამსაქმებლების და პროფესიონალების პარიტეტულ ჩართულობას.

როგორც ცნობილია, მასწავლებელი ასრულებს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ბავშვის განათლების პირველ და ფუნდამენტურ ეტაპზე. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციები განპირობებულია არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნით, არამედ ბავშვის კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების სიღრმისეული გაგებით, ინტერდისციპლინარული სწავლებით, დიფერენცირებული და ინკლუზიური სწავლების პრაქტიკებით. ამგვარი კომპეტენციების ჩამოყალიბება მოითხოვს ხანგრძლივ, ეტაპობრივ და აკადემიურად დაბალანსებულ მომზადებას, რასაც 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს.

მოქმედი პროგრამა, რომელიც 2025 წელს დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე შეიქმნა, ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასა და ჰოლისტურ მიდგომას. ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო მოდელი უზრუნველყოფს როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე პედაგოგიური და კვლევითი კომპეტენციების სინთეზს. პროგრამა ამზადებს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებულ მასწავლებელს, ხოლო დამატებითი კრედიტების არჩევის შესაძლებლობა საზოგადოებრივ მეცნიერებებში მნიშვნელოვნად აფართოებს ახალგაზრდა კადრების დასაქმების არეალსა და შესაძლებლობებს.

არსებული ინტეგრირებული პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა ხანგრძლივი, სისტემური და სუპერვიზირებული პრაქტიკა, რომელიც ეტაპობრივად აერთიანებს თეორიას სასკოლო გამოცდილებასთან. პროგრამის ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირება გარდაუვალად გამოიწვევს პრაქტიკული კომპონენტის მოცულობისა და ხარისხის დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, დააზიანებს კურსდამთავრებულთა პროფესიულ მზაობას რეალური სასკოლო გარემოსთვის.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩაშენებული სპეციალური მასწავლებლის მოდული, რომელიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ინტეგრირდა პროგრამაში, ამავდროულად წარმოადგენს ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან საფუძველს. პროგრამა, ასევე, ორიენტირებულია გენდერულ მგრძნობელობასა და ინკლუზიაზე, რაც სტუდენტებს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მართვის კომპეტენციებს უვითარებს. პროგრამის შეკვეცა საფრთხეს უქმნის ამ მოდულის შინაარსობრივ სიღრმეს და პრაქტიკულ ეფექტიანობას, აგრეთვე, ადამიანის უფლებებსა და სპეციალურ განათლებაზე ორიენტირებული კურსების სწავლებას, რაც ეწინააღმდეგება თანასწორი განათლების უზრუნველყოფის დეკლარირებულ მიზნებს.

პროგრამის ხანგრძლივობის შემცირება, ამასთანავე, რისკის ქვეშ აყენებს კვლევითი უნარების განვითარებას, ხანგრძლივი დამოუკიდებელი პრაქტიკის გავლას და აკადემიური კომპეტენციების საფუძვლიან ჩამოყალიბებას. აღნიშნული ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში შეაფერხებს პროფესიაში შესვლის პროცესს და გარდაუვალ ზიანს მიაყენებს განათლების საერთო ხარისხს.

საერთაშორისო პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადება, უმეტეს შემთხვევაში, ხორციელდება მინიმუმ ოთხ-ხუთწლიანი პროგრამებით და ხშირად ითვალისწინებს მაგისტრის ხარისხის კვალიფიკაციას. პროგრამის საბაკალავრო დონემდე დაყვანა საქართველოს აშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს და ამცირებს კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარების შესაძლებლობას.

თუ გადაწყვეტილების მიზანი მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემის სწრაფად მოგვარებაა, მაშინ ჩვენი აზრით, პრობლემის ძირითადი მიზეზი არა მასწავლებელთა მომზადების ხანგრძლივობაში, არამედ პროფესიის დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ მიმზიდველობაშია. ყველაზე დიდი გამოწვევა არახელსაყრელი სამუშაო პირობები და შეზღუდული კარიერული პერსპექტივებია. მასწავლებელთა მომზადების ხელოვნურად შემცირება ამ ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ გადაჭრის; პირიქით, ეს გამოიწვევს პერსონალის ხარისხის დაქვეითებას და, გრძელვადიან პერსპექტივაში, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის განათლების სისტემის მდგრადობას.

ვფიქრობთ, რომ განათლების სისტემის ისეთი ფუნდამენტური კომპონენტის ცვლილება, როგორიცაა მასწავლებლის მომზადება, შეუძლებელია განხორციელდეს ღია პროფესიული და აკადემიური კონსულტაციების გარეშე. ასეთი პრაქტიკა ასუსტებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას და ნდობას საგანმანათლებლო პოლიტიკის მიმართ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედმა სასწავლო პროგრამებმა წარმატებით გაიარეს კლასტერული აკრედიტაცია 2025 წელს, რაც მათ შვიდი წლის განმავლობაში კანონიერად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ამ პროგრამების სამ წლამდე მექანიკურად შემოკლება მნიშვნელოვნად ცვლის სწავლის შედეგებს, რაც დარგობრივი მახასიათებლების ცვლილების და შემდეგ ხელახალი აკრედიტაციის ვალდებულებას წარმოქმნის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტებზეც უარყოფითად აისახება (ან დემოტივირებას ახდენს მოქმედ სტუდენტებზეც). ამ ნაბიჯით სახელმწიფო ფაქტობრივად აღიარებს, რომ არჩეული პროგრამა გადატვირთულია არასაჭირო შინაარსით. ასეთი გზავნილი ზიანს აყენებს მასწავლებლის მომზადებისა და თავად მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას და იწვევს სტუდენტებში განათლების სისტემის მიმართ უნდობლობას.

მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:
● შეაჩერონ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამის სტატუსის ცვლილების პროცესი;
● დაიწყონ ფართო, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონსულტაციები აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან;
● უზრუნველყონ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურებოდეს არა მოკლევადიან ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ მიზნებს, არამედ განათლების ხარისხის გრძელვადიან გაუმჯობესებას და ბავშვის ინტერესებს.

გვჯერა, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის საგანმანათლებლო და სოციალურ მომავალს. სწორედ ხარისხიანი პედაგოგიური განათლებაა განათლების სისტემის მდგრადობისა და განვითარების ფუნდამენტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა

🟣 31 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუ...
05/02/2026

🟣 31 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში დაფინანსებული პროექტის „საბუნებისმეტყველო განათლების აქტუალობა - მეორე (ROSES)“ (FR-22-5790) ფინალური კონფერენცია.

🔹 კონფერენციას ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ილიაუნის სტუდენტები, განათლების ექსპერტები და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

👥 კონფერენციაზე პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიკა კაპანაძემ და კოორდინატორმა, პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა წარადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები. დამსწრე პედაგოგებმა და ილიაუნის სტუდენტებმა ისაუბრეს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გზების შესახებ. კონფერენციის ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია.

03/02/2026

🎞️ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ორგანიზებით ილიაუნის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე გაიმართა Science on Stage-ის ვორკშოპი მასწავლებლებისა და ილიაუნის სტუდენტებისთვის.

🔹 საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებმა წარადგინეს საუკეთესო პრაქტიკა და Science on Stage-ის ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების პროექტები, გაიმართა დისკუსია საბუნებისმეტყველო განათლების განვითარების პერსპექტივებზე.

🔹 მონაწილეებს მიენიჭათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Science on Stage საქართველოს საქმიანობის ელჩის სტატუსი.

🎯 Science on Stage ხელს უწყობს STEM განათლების გაუმჯობესებას ევროპაში.
🌐 ქსელი აერთიანებს 34 ქვეყანას; საქართველო მისი წევრია 2016 წლიდან.

🟣 13 იანვარს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის პ...
22/01/2026

🟣 13 იანვარს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის პროფესორების შეხვედრა.

💡 შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სკოლის სტრატეგიული გეგმის განახლებაზე, მიმდინარე წელს ახალი ინიციატივების განხორციელებაზე და სკოლის განვითარებაზე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.

პირველი დახმარების ტრენინგი მომავალი მასწავლებლებისთვის🟣 4 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის დაწ...
06/11/2025

პირველი დახმარების ტრენინგი მომავალი მასწავლებლებისთვის

🟣 4 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების პროგრამის მეხუთეკურსელებისთვის სოფიკო გოგლიძემ, წითელი ჯვრის წარმომადგენელმა ჩაატარა პირველი დახმარების ბაზისური ტრენინგი.

📝 ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, მონაწილეებისთვის პირველი დახმარების თეორიული ცოდნის გაზიარებას, პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავებას, საჭიროების შემთხვევაში დროული, უსაფრთხო და ეფექტური პირველი დახმარების აღმოჩენის სწავლებას სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ან დაშავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე.

📌 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წითელ ჯვარს შორის ტრადიციად ქცეული თანამშრომლობის ფარგლებში დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებლები გაეცნენ პირველი დახმარების საფუძვლებს.

👤 ილიაუნი მადლობას უხდის წითელი ჯვრის მოხალისე სოფიკო გოგლიძეს
საინტერესო და ნაყოფიერი ვორკშოპისთვის და წითელ ჯვარს – https://shorturl.at/CgpLx თანადგომისთვის.

პროექტი PeaceEdu ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე🟣 27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლ...
02/10/2025

პროექტი PeaceEdu ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

🟣 27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო პიკნიკი.

👥 ღონისძიებაზე პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) მონაწილეებმა საკუთარ სივრცეში უმასპინძლეს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და დაინტერესებულ სტუმრებს. ისინი ჩაერთნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებაში და გაეცნენ პროექტის მიზნებსა და სიახლეებს, ასევე მიიღეს "PeaceEdu"-ის ბრენდირებული საჩუქრები.

✨ ღონისძიების განსაკუთრებულ მახასიათებლად იქცა „მშვიდობის ხე“, რომელზეც სტუმრებმა დატოვეს სამშვიდობო გზავნილები და სიმბოლურად შეიტანეს
წვლილი მშვიდობის კულტურის გაძლიერებაში.

Address

Kakutsa Cholokashvili Avenue 3/5
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when School of Education • Ilia State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share