„სტუდენტების ხმა "- "Voice of the Students“

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • „სტუდენტების ხმა "- "Voice of the Students“

„სტუდენტების ხმა "- "Voice of the Students“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივ?

🗣 წარმოგიდგენთ “ლიტმედი 2022ის” ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ნაშრომს. ⭐️მარიამ ნაცვლიშვილი -  “გენრი”უკვე საგრძნობლად იყო ჩ...
13/06/2022

🗣 წარმოგიდგენთ “ლიტმედი 2022ის” ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ნაშრომს.

⭐️მარიამ ნაცვლიშვილი - “გენრი”

უკვე საგრძნობლად იყო ჩამოღამებული. გადათეთრებულ ქუჩაზე მხოლოდ გენრის ოცდოლარიანი ფეხსაცმელების ბაკუნი არღვევდა ზამთრის სიმყუდროვეს. ჩიტების მარტოდ დატოვებულმა ბუდეებმა ცოტახნით ყური დაუგდეს გამეფებულ ფეხის ხმას, რომელიც არათუ ხელს უშლიდა,არამედ ბანსაც აძლევდა ხეებიდან გადმოფერთხილი თოვლის მელოდიას. სიგარეტის კვამლში გახვეულ ქალაქს შერჩენოდა ღამენათევთა სიზმრების კორიანტელი, რომელთა ფრაგმენტებიც დამდნარ თოვლთან ერთად ჩაედინებოდა დაუსრულებელ გზატკეცილზე. ორიოდე მანქანა მოჩანდა შუქნიშნის პირდაპირ, ფანჯრიდან გადმოყოფილი, სიგარაგაჩრილი ხელებით ერთმანეთს ანიშნებდნენ რაღაც გაურკვეველს. გენრის ჯიბეში გასაღები ჩხრიალებდა. ხელებზე აქა- იქ მიყინული ჰქონდა ნაადრევი თოვლი,სიცივისგან ცახცახებდა და მაინც არ კარგავდა მშვენიერებას. გასაღები გადაატრიალა თუ არა, კართან ჩასაფრებულმა მეგობარმა სასიამოვნოდ დაუწყო ყეფა და კუდის ქიცნით მიაცილა სამზარეულომდე. გენრიმ თავისი გამომცხვარი უგემრიელესი ნამცხვრები ამოიღო მუყაოს ყუთიდან და ერთი ნაჭერი უწილადა ერთგულ მეგობარს,რომლის მსგავსად არავის უხაროდა შინ დაბრუნებულ პატრონთან შეგებება. დილის ხუთი საათი სრულდებოდა სავარძელზე რომ მიეძინა. მის ფეხებზე მოკალათებული ბენი კი ისე შესცქეროდა, თითქოს ეცოდებოდა კიდეც და მონატრებისგან აღტკინებული ცდილობდა, უფრო ღრმად ჩაერგო თავი მის მუხლებში. შემდეგ პატრონთან ერთად მილულა თვალები და თავი მისცა დაგვიანებულ თვლემას. ნაადრევმა უღონო მზემ მალევე მიაკაკუნა გენრის მძიმედ მოხუჭულ თვალთა კარიბჭეზე. ბენი თავის საწოლზე მოაწყო, მაისური მიაფარა და ფეხაკრეფით გაიძურწა თბილი სახლიდან. არც გამოუცვლია. არც თმა დაუვარცხნია. როგორმაც დაიძინა, ისეთივემ მოიხურა სახლის მოყავისფრო კარი. როგორი დაღლილიც ჩაესვენა სანატრელ სავარძელში, ისეთივე დაღლილმა გახსნა საცხობი და მოუსვენრად დაიწყო ცქმუტვა. დედას არ უნდა მიეტოვებინა, არ უნდა გადავარდნილიყო მოწყურებულთათვის გამოგონოლი სამოთხის წყალში. როდესაც დედა ცოცხალი ჰყავდა,ბევრად უადვილდებოდა მძიმე ცხოვრების მხრებით ტარება. ასე თუ ისე, საყვარელი მშობელი რამდენიმე წვრილმანს მაინც ჩამოაცლიდა ხოლმე გადაღლილი მხრებიდან და თავისი ძალაგამოცლილი ხელებით მიათრევდა. ახლა კი რაც არ უნდა მძიმე ტვირთი დასწოლოდა, ხელის გამომწოდებელი არავინ ჰყავდა. ტრაგიკული სპექტაკლის პერსონაჟს მიაგავდა, რომელიც ნელ-ნელა ახერხებდა შეცვლილი სცენარის ხელახლა დაზეპირებას და თავისი როლის უკეთ გათავისებას. იყო დრო, როდესაც გენრის მთელ ქალაქში ჰყავდა აქა-იქ მიმოფანტული მეგობრები, ზოგი სასამართლოში, ზოგი რედაქციაში, ზოგიც გასართობ ღამის ბარებში, თუმცა ერთხელ სასამართლოში

საკუთარი მეგობრების წინაშე წარსდგა და ექვს წლიანი პატიმრობის პატივიც მიიღო მათგან. ამაზე წერდა რედაქციაც და ღამის ბარებშიც ამაზე მუსაიფობდნენ სასმელში ჩამხრჩვალი საყვარელი მეგობრებიც. მხოლოდ ბენი ყეფდა ექვსი წლის მანძილზე კუდის ქიცინით და კართან სამადლოდ დადგმულ უგემურ ულუფას მიირთმევდა. ერთ დღესაც მთავრობის წარმომადგენელმა გადაწყვიტა ფუფუნების სამყაროდან ხალხთა ყოფაში გარეულიყო, რათა ამ გზით მოეხერხებინა განსხვავებათა შეცნობა და მათი ფესვებიანად აღმოფხვრა. საკმარისზე მეტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულიყო გენრი იმ საღამოს. მინისტრმა ღამის ბარში შეიარა და ერთი ჭიქა ტეკილა მოითხოვა. გენრიმ ბარისკენ გაიხედა და თვალი შეავლო იქვე ჩამომჯდარ ფულის ტომარას, მისკენ წაიწია, არყის ჭიქა მაგიდაზე დადგა და მუშტი უთავაზა სახეში. იმ საღამოს გენრი ნაირნაირი სასმლის ზღვაში ჩაძირულიყო, ანდა ვინ იცის, იქნებ სულაც ცხოვრების მცირე წყალსატევში.. ციხის საკნებში პერიოდულად შედიოდა ჟურნალ- გაზეთები, აჭრელებული პოლიტიკური ცნობებითა და მთავრობის მიერ ჩადენილი ახალ-ახალი დანაშაულებით, რომელთა გამოსაკვლევად თავს აღარავინ იწუხებდა. მხოლოდ ნამცხვრების მრავალფეროვანი ჩამონათვალის კითხვა შეეძლო გენრის, რომელსაც დართული ჰქონდა რეცეპტებისა და ცხობის ახალთახალი ხერხების რამდენიმე აბზაცი. იშვიათად წაკითხული საჭირბოროტო ცნობები ტვინის ფსკერზე ელექებოდა, გაუვალ ადგილზე ჩერდებოდა და ნელ-ნელა ეწვეთებოდა გადაღლილ გულზე. ექვსი წელი გაატარა რეცეპტების კითხვასა და უძილო ღამეებში, რკინის საწოლზე დაფენილ ქვეშაგებზე წოლაში. მერე დედაც გაისტუმრა და ძველ ცხოვრებას ახალი ცნობიერებით დაუბრუნდა. არავინ ჰყავდა. მხოლოდ ბენი და ორიოდე ნამცხვარი მაცივრის ქვედა თაროზე. ყოველ საღამოს კვამლში დამხრჩვალი ქალაქის ქუჩებში მხოლოდ გენრის ოცდოლარიანი ფეხსაცმლის ხმა მოისმის. ფეხაკრეფით მიაბიჯებს ჩამქრალ გზატკეცილზე და ერთადერთ მეგობარს ეგებება. ისევ მარტოდ-მარტო ჯდება მოხერხებულ სავარძელში. სპექტაკლი დასრულდა. დარბაზის რიგებში კი მხოლოდ სირცხვილი იყურება თავად დარცხვენილი. ცხოვრებას არ უნდა მიეტოვებინა, არ უნდა მიეტოვებინა გამოგონოლი სამოთხის მოწამლული წყლის ნაპირთან, ძალაგამოცლილი

📣2023 წლის 22-24 დეკემებერს ორგანიზაციამ “მომავალი ექიმები საქართველოსთვის” მოაწყო საგნმანათლებლო გასვლითი შეხვედრა ბაკუ...
08/06/2022

📣2023 წლის 22-24 დეკემებერს ორგანიზაციამ “მომავალი ექიმები საქართველოსთვის” მოაწყო საგნმანათლებლო გასვლითი შეხვედრა ბაკურიანში.

📖თემა: საჯარო გამოსვლის ხელოვნება.

📍აღნიშნულ გასვლით შეხვედრაზე , ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გამოცდილი მენტორებისგან მიეღოთ ცოდნა საჯარო გამოსვლის ხერხების შესახებ.

🛋️ სტუდენტებისთვის მოწყობილი იყო მეგობრული გარემო , სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაკავებულიყვნენ სხვადასხვა აქტივობებით.

🗣ჩვენ ვაგრძელებთ საკონკურსო ნამუშევრების თქვენთვის გაზიარებას, ახლა კი გავეცნოთ “ლიტმედი 2022” მონაწილის ლიკა მაღლაკელიძ...
07/06/2022

🗣ჩვენ ვაგრძელებთ საკონკურსო ნამუშევრების თქვენთვის გაზიარებას, ახლა კი გავეცნოთ “ლიტმედი 2022” მონაწილის ლიკა მაღლაკელიძის შემოქმედებას📝


,,Memento Vivere ანუ პასუხი ტერენტის“

როცა ძლიერ ელი სიკვდილს ნანატრს,
როცა გიმძიმს ყოფნა ქვეყნად ამას,
როცა გებრძვის ეშმა, სულსა ღაფავ,
როცა გიპყრობს სენი ძველი, ხორცსა გაჭამს,
როცა რჩები განწირული ამა ბნელსა ქალაქს,
ემონები გაჩეხილი იმ ხითხითა სხეულს შავსა,
უჩოქებ და ევედრები, იყოს გვერდით, მხარი დაგწვას, დაფერფლილიც გენატრება ყოფა შენი მისსა მკლავსა, ჩაეკრობი, ჩასჩურჩულებ, მოგყიდი მე სულსა ვაგლახს, როცა ყიდვა ძლიერ უმძიმს შავსა სხეულს წუწურაქსა, როცა მოგთხოვს უტიფარი, ეანდერძო ვითა ჯვარსა,
არ მოსტყუვდე, შეაფეთე, რომ შენ სულსა ვერვინ კაწრავს, რომ ოდითგან ძლიერ ებრძვი უნაყოფოდ ცეცხლად წვასა, როგორც ჭიდან ამოძახილს, ისე უფრთხი ბოროტ ქმნასა და სიცოცხლეს ეცეკვები, როგორც ნეფე დედოფალსა!

,,ზმანება“

შენმა თვალების ფსკერმა მთხოვა დაშვება,
მეძახდა მოდი, ისწრაფე, შენი არს ადგილი თავნება, უმალ გავხიე ტრფობით ნაზარდი ყოველი აპკი
და დავენარცხე მასზედ უძლური,
რადგან შემყროდა უცხო ზმანება,
განავარდებით მე ვპოვე შვება,
მაგრამ გზად ვნახე უტყვი წამება,
გეტყოდი განსდექ ტუტუცო მუხავ
რომ შემძლებოდა შენი გაშვება,
შენმა თვალების ფსკერმა მთხოვა დაშვება,
მეძახდა მოდი, ისწრაფე, შენი არს ადგილი თავნება

,,საფერავები“

საფერავები ჟონავს ტუჩებზე, უარყოფაში ყოფილა ვნება,
დროება აწვდის ტკივილს მზის სხივებს და ვით ჯორდანო ის იხრუკება,
ეს წერილები შენივე ქმნილი უმისამართოდ გზად აიბნევა,
ტერასის კუთხეს გადაყრდნობილი თვალი სამყურას მიაშტერდება, გრძნობათა ტყიდან მოღწეულ ალში გრძნეულთ სხეული როკვას ეცემა, დოღში დამარცხდა ცხენი ველური, უარყოფაში ყოფილა ვნება

,,დრაცენა“

დღეს აივნიდან გამიფრინდა ქოთნით დრაცენა, რომელიც ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ უკვდავების სიმბოლოდ შევიძინე.დილით რომ დავხედე მიწა დანაოჭებოდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი ასე უპატრონოდ რომ მიმეტოვებინა.იმის მაგიერ, ბოდიში მომეხადა და მოვფერებოდი, ოხრად მივუშვი მის მიწას წყალი (ზაფხულში ბავშვები რომ ვწუწაობდით, ზუსტად ისე) და აივნის რაფაზე დავაბრძანე, რომ გადამეტებული წყალი როგორმე დამწდარიყო და თან დრაცენასაც ჩაესუნთქა სუფთა ჰაერი.დღეს ძალიან ძლიერი ქარი ქროდა...
ცოტა ხანში უნებურად აივანს გავხედე და იმ ადგილიდან, სადაც დრაცენას ვთხოვე დამლოდებოდა, სიცარიელე გამოსჭვიოდა.გულშეკუმშულმა მოაჯირს მივაშურე და შიშნარევი თვალებით გადავიხედე ქუჩაში, სადაც დრაცენა უმოწყალოდ დანარცხებულიყო და გარშემო მისივე მიწა თოვლივით მოჰფენოდა.რა დიდ მანძილზე მოეთოვა...
შემრცხვა.სხვა არაფერი მიგრძვნია.თითქოს ეწყინაო გაწუწვა ჩემს დრაცენას და სამაგიერო ასე გადამიხადა.თოვლის გარშემო კი ხალხი დააბიჯებდა და გაოცებული სახით ზემოთ იხედებოდა.მე კი მრცხვენოდა.მრცხვენოდა იმის, რომ ფსევდომშვიდი ქალაქის ფსევდოწკრიალა ქუჩა დავაბინძურე.ალბათ სკოლის პირველ დღეს თეთრს პერანგზე ჩამოსხმული ალუბლის კომპოტივით მტკენდა გულს მიმოფანტული მიწა, რომელიც ფსევდოიდეალიზმის სურათს ლაქად დამჩნეოდა.მეგონა მთელს ქალაქს ალუბლის წვენი გადავასხი პერანგზე და ისიც საპასუხოდ გულამოსკვნილი ამიტირდა, თან სკოლაშიც აგვიანდებოდა და მასწავლებელიც გაუწყრებოდა.თითქოს ჩემი დრაცენა ამ დანაშაულის გამოსასყიდად მიმეცა, რათა ცრემლები მოეწმინდა.გულაფართხალებული შემოვვარდი ოთახში და ფარდა ბოლომდე ჩამოვაფარე, რომ დავმალულიყავი.დიდი ხანი ბოლთას ვცემდი და თითებით გამუდმებით თმას ვისწორებდი.ვფიქრობდი ჩემზე, თუ სინამდვილეში როგორ მაშინებდა გზიდან გადახვევა და როგორ მანადგურებდა პერანგის დასვრის შესაძლებლობები.მე იდეალიზმს დავეძებდი, მას ვეტრფოდი და გულს მწარედ მისერავდა მისი დამსხვრევის გარდაუვალობა.ეს კი ისეთი მოსაწყენი იყო...
ბოლოს იატაკზე მჯდომი ნელა წამოვდექი, გულგამაგრებით და მთელი ძალით ფარდას ჩავებღაუჭე და ღრმა ამოსუნთქვის ფონზე გადავწიე.მზის სხივებმა თვალი მომჭრა, მაგრამ თვალმოჭუტული და ტკივილიანი მაინც მივენარცხე მოაჯირს.იქ, დაბლა, დრაცენას საფლავზე მე დავინახე, რომ სისუფთავე გამეფებულიყო.დედას პერანგიდან ლაქა ამოეყვანა მტირალა ქალაქისთვის და ისიც მომღიმარი სახითა და ბოტოტა თითებით ამ ქათქათა პერანგის ღილებს სიყვარულით იკრავდა...

🗣 ლიტმედი 2022-ის შემდეგი ნაშრომი🧚🏻‍♀️პოეზიის კეთილი ფერია - მარიამ ხელაშვილი მე გვირილები გადმოგაყარემე გვირილები გადმო...
04/06/2022

🗣 ლიტმედი 2022-ის შემდეგი ნაშრომი

🧚🏻‍♀️პოეზიის კეთილი ფერია - მარიამ ხელაშვილი

მე გვირილები გადმოგაყარე

მე გვირილები გადმოგაყარე
იმ დილით მზესაც არ ჰქონდა სხივი,
მე ჩემი გული თან გაგატანე,
რადგან არ იყოს არასდროს სხვისი.

მე გვირილები გადმოგაყარე,
რომ ვერ დათვლიან ვერასდროს ვიცი,
დღეს ფოთოლთცვენას მარტო შევხვდები, წარსულს მიჰყიდე ამ წლების ფიცი.

და ისევ ვიცდი, ვიცდი თვეები,
რომ დამიბრუნო ეგ გვირილები,
ზოგჯერ მგონია უკვე ვიღლები,
ზოგჯერ ვფიქრობ რომ გადავირევი.

ღამის სამია, ძილი გავაგდე,
გამინაწყენდა, არ მიბრუნდება,
რატომ ხდება რომ დიდი ნატვრები,
ველოდები და არ მისრულდება?!

ალბათ ასეა, ადამიანო,
ოცნება მხოლოდ მოლოდინს ბადებს,
ქუჩის მხატვარი, წელში მოხრილი
კიბის ბოლოში ღამეებს ათევს.

მე გვირილები გადმოგაყარე,
არ დამიბრუნებ არასდროს ვხვდები,
გულს გადავუხსნი ნაწვიმარ სარკმელს
და აალებულ შენს წერილს ვფერფლი.

მე გვირილები გადმოგაყარე, თუმცა, როგორც ჩანს, არ იყო შენი...

🗣 წარმოგიდგენთ ლიტმედი 2022 ის შემდეგ ნაშრომს⭐️ კათედრის რჩეული - ნინო დილსიზ📝ძილისპირული ამწვანებული მინდვრის შუაგულში ...
04/06/2022

🗣 წარმოგიდგენთ ლიტმედი 2022 ის შემდეგ ნაშრომს

⭐️ კათედრის რჩეული - ნინო დილსიზ

📝ძილისპირული

ამწვანებული მინდვრის შუაგულში გამხმარი ხე დგას. ცხელი ჰაერით დამწვარი, ცივი შეხებით გაქვავებული. მის დახვეულ ფესვებს ვეღარ გაუძლიათ უსიცოცხლო მიწისთვის და ზემოთ ამოხლართულიყვნენ. იხვეოდნენ და იგორგლებოდნენ ფესვები ხის გარშემო, ჩამოცვენილ დაფერფლილ ფოთლებს ბუდეებს უკეთებდნენ. ახლად გატანჯულ წვერებს ფესვებისას შური არ ასვენებდათ. ამწვანებული მინდვრის კიდეებს ეხებოდნენ, უნდოდათ იქაც დაგორგლილიყვნენ და ზედმეტად ჩუმი სიმწვანე მიენავლებინათ. თუმცა ძალა არ ჰყოფნიდათ და უკან, ხისკენ მოიხედავდნენ დახმარების სათხოვნელად.
ხის გარშემო შიშველი ფეხები დანახშირებულ მიწას ტკეპნიდნენ, სიღრმეში დარჩენილ ფესვებს აღვიძებდნენ და ამოხეთქვას აიძულებდნენ. დაფერფლილი ფოთლები მუდარით აჰყურებდნენ მძიმედ მოსიარულე პატარა არსებას, თითქოს ეხვეწებოდნენ, ისედაც ძირს ჩამოცვენილებს ნუღარ გაგვწირავ მეტადო. მაგრამ მისი თვალები ცარიელი იყო, მხოლოდ შუბლზე და სახეზე ჩამოყრილი თხელი, სწორი თმა ტოვებდა ჩრდილებს უფერულ თვალებზე და რხევისას პირის კუთხეებს აიყოლიებდა გვერდებზე. დაბზარული ხელები ხის ტანს ეფათურებოდა და დასუსტებულ ტოტებს აჭრაჭუნებდა. მალე ფეხები ფესვების ლაბირინთში გაიხლართა და პატარა გოგონას ნაცრისფერი კაბა, ფოთლებივით დაფერფლილი, მათსავე ბუდეში ჩაწვა. ღიმილით ახედა ხეს, მისი მერქნისგან გაშავებული ხელისგულები ერთმანეთს მიადო და ნაზად წაიღიღინა.
ამწვანებული მინდვრის კიდესთან შეჯგუფებული წვრილი ფესვები ხეს გაჰყურებდნენ. გოგონამ ხელების რწევით მიირბინა მათთან, მიწიდან ამოგლიჯა, ააწივლა, შეაშინა და სიმწვანეში გადააგდო. ცოტა ხანი უყურებდა, როგორ იხვეოდნენ ფესვები ახალ ბალახში, შემდეგ კი ნელა დაიძრა წინ, თითქოს ფესვებს ეუბნებოდა, აბა, იმ მეორე ხემდე თუ მიმასწრებთო.
გამხმარი ხეების ჯარის მახლობლად დიდი ლოდი დევს, ზედ მოხუცი ზის. მხოლოდ დაბზარული მტევნები და ტერფები უჩანს, კანის დანარჩენ ნაწილს სქელი მაგრამ მსუბუქი ქსოვილი უფარავს. ხეების ტკაცუნს უსმენს, რომელიც ყრუდ, მაგრამ მაინც ისმის, როგორც მთვლემარე ადამიანის აზრები. ნაზად ღიღინებს მოხუცი.
ნახე, ნახე, რა მოგიტანეო. პატარა გოგონამ მოხუცს ღიღინი შეაწყვეტინა და ხელში რაღაც ჩაუფერფლა, ვერ გაარკვევდი, ფერფლად ქცევამდე რა იყო. მოხუცმა ჰკითხა, ყველას უმღერეო? კი ყველას ვუმღერე, მაგრამ ძილის ნაცვლად იღვიძებდნენო, ერთ ტონად უთხრა გოგონამ და გამხმარი ხეების ჯარს გახედა. მალე დაიძინებენ, ნუ ღელავო, მიუგო მოხუცმა და დაბზარული ხელი გაუწოდა. გოგონამ სახეზე ჩამოყრილი თმა პირის კუთხეებს ააყოლა და ხელი ჩასჭიდა. ჩაუარეს ხეთა ერთ ჯარს, მეორეს, მესამეს. შემდეგ ჩაუარეს ჩამქრალ მინდორს. სიმწვანე მხოლოდ ღრუბლებზეღა დარჩენილიყო ანარეკლად.
გოგონამ თავი გვერდზე გადახარა და მოხუცს ჰკითხა, როგორი უცნაურია, აქამდე ტკბილად ეძინათ, ძილისპირულის სიმღერა რომ დავიწყე, მაშინ მოუნდათ გაღვიძება, მაგრამ ახლა ხომ ძილის მეტი აღარაფერი დარჩენიათ, რატომ აქამდე არ გაიღვიძესო. მოხუცმა ზემოდან ჩამოხედა. სქელი ქსოვილის მიღმა გაუღიმა. ღიმილით, რომელსაც ღიმილს არავინ შეარქმევდა. ღიმილით, რომლის შემხედვარე გოგონას ხელი კიდევ უფრო დაებზარა, დამსკდარ მიწაზე კი ხის ფესვი კიდევ უფრო დაიგორგლა.

🗣 “ლიტმედი 2022”💝ნომინაციაში “პოეზიის რაინდი” გამარჯვებული - სანდრო აბრალავა***ბაობაბო, კანში როგორ ეტევი?მახსოვს, მახსო...
02/06/2022

🗣 “ლიტმედი 2022”

💝ნომინაციაში “პოეზიის რაინდი” გამარჯვებული - სანდრო აბრალავა

***
ბაობაბო, კანში როგორ ეტევი?
მახსოვს, მახსოვს, მაშინ, ოქროს ცრემლები, გვალვის შემდეგ დახეთქილი მტევნები
და ცის ფერზე დაწერილი ლექსები.
ბაობაბო, წლებს როგორღა ეჩვევი? ახლომახლო ვერავის რომ ეხები, ბუჩქის ნაცვლად გაკერია ეკლები, შორი მხრიდან დაგცინიან ვერხვები.
ბაობაბო, აგიზიდავს ბრგე მხრები,
მარტოობით, ეგოს ალად ენთები,
ბაო, გატყობ, სურვილს შენსას ვერ ხვდები, სუნთქვა გინდა, ოქროს ფასად, ვრცელ მტვერში.
ბაობაბო, სიბრძნით რატომ იღლები?
აქ რომ გაძლო, არ გჭირდება სიტყვები, დუმხარ, როგორც წენგოსფერი გვიმრები და ინახავ საიდუმლო ფიცს მერქნით.
04.05.2022
***
შენი სული გავანივთე, ანგელოზო! შესახებად ესღა დამრჩა შენგან.. მენატრები, და ჩავიკრავ ამ ძველ ფოტოს, გულმოდგინედ, გულს გავწურავ ცრემლად..
როცა ჩანდი, გხედავდი და გეხვეოდი, სულის სითბოს, კანითაც რომ გადმომცემდი, მეცემოდა ძარღვში სისხლის მეტეორი,
აქ რომ იყო, შუბლზე კიდევ გაკოცებდი!
ვერ გამომყვა შენი სუნისფერი გრძნობა, ვერც ნაკვთებით მოფენილი მწვანე მდელო,

ვერც ნაკვთებით მოფენილი მწვანე მდელო,
ეგ თვალები, სევდით მნათი, ზეცით ცხონდა, თაფლის სანთელს მთელი ღამე მდარედ ენთო.
სად მოგძებნო?! - ცას მე აღარ ვეგებები, მატყუებენ! იქ, ნამდვილად, აღარა ხარ, მაგრამ, რომ წვიმს, წვეთებს მაინც ვეფერები! ცისარტყელის გაღიმება მე მძაფრად მძაგს..
შვიდ და ჭრელ ფერს ვერ ვპატიობ გარინდებულს, დღიდან დღემდე სევდის ფუნჯით ვიხატები, ღვინის წითლით შესისხლული თასი მე მძულს! -კუპრისფერი შავი დარდით ვიქარვები..
მაგრამ, მაინც, მარტო ვარ და მარტო მე ვარ.. შენს გარეშე, მეგობარიც ვერ მეგობრობს, მოძმე ხდება ნაღვლის ხმათა აპოგეა, მიმოფანტულ კითხვებს აზრი ვერ მენტორობს.
მაგრამ, მაინც, მარტო ვარ და მარტო მე ვარ... შენს გარეშე, ვერც ვერავინ ვერ არსებობს, ქარს გავატან? - არა, შევინახავ სევდას!
ესღა დამრჩა შენგან მხოლოდ, მე არ მეყო...
ვის ვეკედლო? საით? რა გზით შევეფარო, ნაცნობ კალთას, თვალს რომ ასე ენატრება! ვის ვეხვეწო, მაინც, იქნებ, შევებრალო?! კიდევ ერთხელ მარგოს, ნეტავ, ეს ზმანება...
უმწეო და მაწანწალა სული ტყდება,
ეგოისტი ვჩანვარ და ქვა ვერ ამცდება,
ბრბო რომ მესვრის, უთავბოლოდ წუხილს ვეშვა, რა იციან რას ვგრნობ, ანდა მე რას ვხედავ.
შენ ვერ გხედავ! შენ, ძვირფასო! შენ ვერ გხედავ! და თან ყველა თვალს მჭრის უკვე, ვეღარ ფეთქავს... შენით მძგერ და შენით მღერ გულს, შენვე სერავ - რომ ვერ გხედავ, მე, ძვირფასო! შენ ვერ გხედავ...
10.04.2022

***
ცარიელ ხელებს რომ დავხედავ მაშინ ვიაზრებ სიტყვების მისტიკას- როგორ შეუძლიათ წარმოსახვითი ძალა შეჰმატონ
ხელებს, რომელთაც უკვე ვერაფერი აჩერებთ.
- ახლა, სცადონ ვერლიბრი.
უფორმო,
ისეთი, ვერავინ რომ მოგცემს შენიშვნას.
შენს სამყაროში ხარ, შენი წესებით -
ეს კი ლექსია და არ გეკითხებით აზრს,
მოგწონთ თუ არა.
პროტესტი, ფეხქვეშგაფენილი იმედი,
ძალის წყურვილი და ხელმოცარულობა
თუ არევდა რითმებს.
სულის შიგნით რაღაც იმალება,
თვითონ სხეულსაა ამოფარებული და
მის სიღრმეში მგონია კიდევ არის საიდუმლო, რომელიც მიბიძგებს არაფრისგან შევქმნა რამე, რამე ან ღირებული, ან ჩემთვის ღირებული.
გრძნობას, რომელიც გალეულ პატრუქს ჰგავს -
ჯერაც შერჩენილა საღი, დაუმწვარი ბოლო,
ეს უკანასკნელი იჩენს ხოლმე თავს,
მახსენებს, რომ შემიძლია ავანთო - ცოტახნით მაინც. მახსენებს თავს, რომ ჯერ კიდევ სასარგებლოა,
ჯერ არ გამქრალა, უნდა, ცდილობს, თუმცა,
არ აქვს ძალა იყვიროს, ხმა მომაწვდინოს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს.
უდაბნოში ბედუინს დაკარგული მოგზაურის ქანცგაცლილი,
მილეული, მისავათებული, ქვიშადდაშლილი და გაფანტული,
განწირული ყვირილი საშველად ქარის ხმა და ჩვეული ზუზუნი რომ ჰგონია - ასეა პატრუქის ვედრებაც, მცდელობა ან, უბრალოდ, ქარის ზუზუნი.
ყურს მოვკრავ, დავიბერტყავ, არად ჩავაგდებ -
ან ჩავაგდებ, ვცდი და გამოვა, ვცდი და არ გამოვა,
თავს მოვიტყუებ, რომ ვცადე გადმომეცა სათქმელი, გრძნობები ან უბრალოდ,
შემექმნა პატარა სამყარო,
ლამაზი,
უსაზღვრო შესაძლებლობებით,
რომანტიზმით, გატაცებული ქეთოს ფიქრებით,
კიტას ნარკვევებზე აგებული ამბებით,

კიტას ნარკვევებზე აგებული ამბებით,
ზოგჯერ, როგორც ვთქვი, შედგება და პატრუქიც გაანათებს - კიდევ უფრო დაიხარჯება, მერე მეტად დასუსტდება და მისი ხმა უფრო იწრიტება.
თუ არ გამოვა და, ცოტახანი დადუმდება, მცდელობა დაადუმებს.
თუ საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას, ძახილით ძლივსმადევარი ძალა ბოლომდე გამოელევა,
ისე მიჩუმდება, სულ ვერ ვიგებ.
ახლაც, გონებაში მილიონი სიტყვაა, ბევრი ფიქრი და ფურცელზე რამდენიმეღა გადმოდის. ე.ი. ახლაც ვატყუებ თავს, ეგეც დაოკდება და მშვიდად განვაგრძობ უაზროდ, ჰაერშიგამოკიდებულ,
არგონულ ცხოვრებას -
გაბრუებული.
06.02.2022

🗣“ლიტმედი2022”-ის კვირეული გრძელდება⭐️შემდეგი ნამუშევარია ირინე თვარაძის -  ზაფხულის პაპანაქება სიცხესავით მწველი თმა. (...
02/06/2022

🗣“ლიტმედი2022”-ის კვირეული გრძელდება⭐️

შემდეგი ნამუშევარია ირინე თვარაძის - ზაფხულის პაპანაქება სიცხესავით მწველი თმა. (ამონარიდი)

როცა ზაფხულის ცის მუდმივი მეგზური - ცხელი მზე თავზე დაგნათის, შენ კი მას იმ პეპელასავით მიფიცხებულხარ, თავისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებს ნათურის მბჟუტავ სინათლეს რომ ალევს, არაფერზე ფიქრობ, გარდა ზღვის ხუჭუჭა ტალღების შუშხუნა ხმასა და მწველ ქვებზე - შენ ქვეშ. თუმცა, ასე შენ ფიქრობ, რადგან შენ შენ ხარ, მე კი - მე. თავისუფლების იმ წუთებსაც, რომელიც შემიძლია სანაპიროზე უდარდელად გავატარო, იმ მომავალს ვუძღვნი, რომლის აწყობაც ყველგან შემიძლია დავიწყო, გარდა პლაჟისა. მაგრამ მაინც, როგორი პეპელა ვარ - ხშირად ვეუბნები ჩემს თავს. იცით, გუშინ თმის შეჭრაზე ვფიქრობდი, იმის წინ სტუდენტობაზე ვღელავდი, ხვალ, ალბათ, ჩაცმაზე შევედავები ჩემს თავს, ზეგ წიგნის წერას მოვინდომებ, რა იცით, იქნებ ვაჭრობასაც გავუგო გემო?! მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, თუ რაზე ვნერვიულობ, თავს ვიტკივებ, პრობლემა ისაა, რაზე არ ვდარდობ. ჰო, ისეთი რამ ბევრია, რაზეც თავის შეწუხება არ გვინდა, რაც უნდა ღირებული იყოს, მაგრამ თუ მაინც გკლავს, ნათურის მბჟუტავ, თითქოს ნაკლებად მომაკვდინებელ სინათლეს რომ დაჰფარფატებ, არ სჯობს, კაშკაშა მნათობს მისწვდე?!
***
მათხოვრობა სულაც არ იყო ძნელი. გოგონა ვერც კი ხვდებოდა, ხალხს ეს ასე რატომ ეთაკილებოდა. განა რცხვენიათ, რომ ჭამენ, რომ იცვამენ, ან დადიან?! - ხშირად ფიქრობდა თვითონ. ბოშ ბავშვებსაც ასევე ჩვილობიდან ჰქონდათ გამჯდარი თავიანთი როლი ოჯახში და ეს სწორედ შიმშილივით ჰქონდათ გასისხლხორცებული.
შიმშილი მწველი სიტყვაა, ისევე როგორც მზე ჩვენს თავზე და მზერა გამვლელი ბავშვის, ზიზღნარევი და შიშშეპარული. მალევე ეჩვევი, როგორც დარდსა თუ მოგონებას, მთელი ცხოვრება რომ თან გსდევს, თითქოს დანაყრების სიტკბო არც კი გიგემიაო.
დღესაც, ალიონზე, მზის მქრქალ სხივთა სუსტ ნათებაში, მოწყალების სათხოვნელად გამოვიდა. ხელში პატარას არწევდა, გაცვეთილ ძონძებში რომ ჰყავდა საგულდაგულოდ გახვეული, მაგრამ იცოდა, სითბო ბავშვს მაინც აკლდა. აგვისტოს ბოლო იყო, თუმცაღა ზაფხულს გუდა-ნაბადი ადრიანად წამოეკიდა და ქალაქისთვისაც ქათიბი წაეგლიჯა. ეს შიშველი, ცარიელი ადგილი კი კარსმომდგარი შემოდგომისთვის შეეტოვებინა. მანაც ეტყობა არ დააყოვნა: გათავისუფლებულ ალაგას ფეხი წამსვე მოიკიდა და აუცილებელი ატრიბუტები: სუსხიანი ქარი, კუნაპეტ ღამესავით შავი ღრუბლები და ფოთლებშემოძარცვული ხეები მარიონეტებივით ააცეკვა.

***
ქარი თმას მიწეწავდა. უკვე ვნანობდი, დილაუთენია რომ გამოვიჯახუნე კარი და ღამენათევი გამოვედი გარეთ. ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა, როგორც ჩანს, ბათუმი ცხოვრებას ადამიანების გაღვიძების შემდეგ იწყებდა, დილა კი მხოლოდ ზღვას ეკუთვნოდა: ქუჩქუჩა ტალღებს, მზის ლივლივა სხივებსა და მოცურავე ღრუბლებს ცაზე. უჩვეულოდ ცარიელი, სხვა დროს კი ურიცხვი დამსვენებლით გადატვირთული სანაპირო მთლიანად მე მიძღვნიდა თავს. ხალხი, ზღვა რომ ღელავს, ამინდს აბრალებს, არადა მას მხოლოდ ადამიანების ჭუჭყი და ნაგავი ამღვრევს - გავიფიქრე და თითქოს ინსტიქტურად წყლიდან ხელი ამოვყავი. ახალ დღეს ზღვას სასთუმალთან ჩამომჯდარი დედასავით ვულოცავდი, ავადმყოფ შვილს რომ ერთადერთ ნუგეშად დარჩენია. მხოლოდ მე ვულამუნებდი კამკამა წყლის ზედაპირს თითებს და ვეალერსებოდი მზის ჯერ კიდევ სუსტ სხივებს. ახლა უკვე აღარ ვნანობდი სახლის ადრიანად დატოვებას, იმისთვის, რომ მარტო დავრჩენილიყავი. ხელთ უკეთესი შემრჩა - ერთადერთობა. არა, მარტოსული არ ვიყავი, ერთადერთი ვიყავი.
არ მინდოდა, დამეტოვებინა სანაპირო, მაგრამ ვიცოდი, ნახევარ საათში ხალხით გაივსებოდა და აზრი აღარ ექნებოდა. უკან, სახლში დავბრუნდებოდი, შემდეგ ოჯახთან ერთად ხელახლა გავიღვიძებდი და ისევ წამოვიდოდი ზღვაზე. ამჯერად ისე, როგორც ყველა - მის ასამღვრევად.
მზის აწ უკვე კაშკაშა სხივებს არემარე კარგად გაენათებინა, თუმცაღა დილის სუსხი მაინც ყველგან დაბუდებულიყო. უნებურად ისევ გუშინდელ გულსაბნევს დავუბრუნდი. ვიტრინაში ნანახ, გაცვეთილ, მაგრამ დიდებულებაშერჩენილ გულსაბნევს. იმ წუთიდან გულში ჩამივარდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემთვის გამოკვეთეს ამ მარმარილოს პაწია ნატეხზე რვაქიმიანი ფიგურა, თუმცა კი ახლა ვფიქრობდი, რომ გამოსახულება მზე უნდა ყოფილიყო. აუცილებლად ვიყიდდი ზღვიდან რომ დავბრუნდებოდი, ოღონდ ჯერ ერთი სული მქონდა, სახლამდე მიმეღწია და კარგად გამომეძინა.მახლობელ კაფეს ჩავუარე და სითბოს, ტკბილი სენდვიჩებისა და კაპუჩინოს შერწყმული სურნელი შევიყნოსე. ტანში გამცრა, ალბათ იმიტომ, რომ სითბოს ტალღა მოულოდნელად შეეჯახა ჩემს სიცივეატანილ სხეულს. ცას ავხედე, წვიმას ხომ არ აპირებს-მეთქი და ის იყო, ფთილა-ფთილა ღრუბლებს გადაფარებული საავდრო ქულები შევნიშნე, ხრინწიანმა, თუმცა კი წვრილმა ხმამ გაიჟღერა ჩემს გვერდით:
- განა მაშინ გაქვს ცხოვრება, ცას ამინდის გასაგებად რომ ახედავ?!
გაოცებულმა მიმოვიხედე. დაძონძილ ფარდაგზე პატარა ბოშა გოგონა შევნიშნე, ზაფხულის მზესავით მწველი თმით. მის ხელებს იმ დედასავით ჩაებღუჯათ ჩვილი, გაჩაღებული ომის დროს რომ წუთისოფლის ამაოებისგან ცდილობს შვილის დაცვას. არ მეგონა, დასაც თუ შეეძლო ასე - უნებურად გავიფიქრე. გოგონა აღარ მიყურებდა, ეტყობოდა, ჩემმა ქმედებამ იმედი გაუცრუა, თუმცა მე ვერც კი მივხვდი, ცისთვის როგორ უნდა ამეხედა მისი აზრით.
ფიქრებისგან გამოვერკვიე, იმედგაცრუების რეალურ მიზეზს ახლაღა მივხვდი. დაჟინებული მზერა ჯიბეზე გადავიტანე და გაშმაგებით დავუწყე ხურდას ძებნა, თუმცა კი როგორ ვიპოვიდი იმას, რაც არ მქონდა. ალიონზე სახეტიალოდ ვერც კი წარმოვიდგენდი,

ფული თუ დამჭირდებოდა. დარცხვენილს გოგონასთვის აღარც შემიხედავს. თავი დავხარე და სახლისკენ გავეშურე, ვიტრინის გულსაბნევი აღარც გამხსენებია.
***
გოგონა მალევე დაბრუნდა სახლში. თუმცა კი უხერხულიც კი იყო, სახლი
გეწოდებინა ქოხმახისათვის, რომელშიც ბოშათა რამდენიმე ოჯახი ერთად ცხოვრობდა. ჩვილი დედამისს ჩააბარა, ხურდები თავის დედას მიუტანა, თვითონ კი დენიორთან ერთად მახლობელ ნაკადულთან გაიქცა. აქ ხშირად მოდიოდნენ, საუბრობდნენ და მოსაწყენი ყოველდღიურობისგან თავს იძვრენდნენ. დღესაც ჩვეულ ალაგას ჩამოსხდნენ, ცას ახედეს და საუბარი გააბეს. საუბრობდნენ ცაში ჩამალულ უკიდეგანობაზე. იმ სამყაროზე, რომელიც ბამბის ნაყინივით ფუმფულა ღრუბლებს უკან იმალებოდა, რომა და დენიორი კი მას მაინც ხედავდნენ.
უცებ რომას გაახსენდა, დღეს ნანახი ტიპური ახალგაზრდა გოგონა, შეწუხებული სახით რომ ასცქეროდა ცას, თითქოს იქ რაიმე ცუდს ხედავსო. დენიორს მოუყვა, როგორ ეგონა გოგონას, რომ ბოშა რადგან იყო, აუცილებლად ფულის სათხოვნელად მოსწყვიტა ამინდის გაგების მცდელობას. დენიორმა ჩაიღიმა და უპასუხა:
- ზოგი ვერ ხედავს მზეს..
- მაგრამ ის სულ არის - დააბოლოვა რომამ მათი ბავშვობის სიმღერა, დედები რომ
ხშირად უმღეროდნენ ორივეს.
***
როცა ზაფხულის ცის მუდმივი მეგზური - ცხელი მზე თავზე დაგნათის, შენ კი მას იმ პეპელასავით მიფიცხებულხარ, თავისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებს ნათურის მბჟუტავ სინათლეს რომ ალევს, არაფერზე ფიქრობ, გარდა ზღვის ხუჭუჭა ტალღების შუშხუნა ხმასა და მწველ ქვებზე - შენ ქვეშ. თუმცაღა, ასე შენ ფიქრობ, რადგან შენ შენ ხარ, მე კი - მე. თავისუფლების იმ წუთებსაც, რომელიც შემიძლია სანაპიროზე უდარდელად გავატარო, იმ მომავალს ვუძღვნი, რომლის აწყობა ამ წუთიდან უნდა დავიწყო.
***
რომა ალიონზე ჩვეულად გამოვიდა გარეთ. ჩვილითურთ მოკალათდა ზეწარზე კაფის გვერდით შეგულიანებულ ალაგას. მწველი მზე იყო, რაც კარგ დღეს უქადდა. უეცრად, გოგონა დაინახა. მისკენ მიდიოდა, თითქოს თავდაჯერებული, მაგრამ მაინც რიდდაკრული მოძრაობით. სახეს მიწას არ აცილებდა, თუმცა კი რომამ მაინც იცნო იგი. გოგონა არ შეჩერებულა, რომას ისე ჩაუარა, თუმცა მოწყალების რკინის ჭიქაში რაღაცამ მაინც

გაიჩხარუნა. რომა დასწვდა ჭიქას და გაოცებით ამოიღო იქიდან პატარა, მაგრამ დიდებული გულსაბნევი, რომელზეც მზე იყო ამოკვეთილი. უნებურად გაეღიმა, ასეთი ნივთი არასდროს ჰქონია. არ იცოდა გულზე თუ უნდა გაეკეთებინა, ამიტომ უბრალოდ თმაში ჩაიბნია და ცას ახედა - მზეს, უკიდეგანობას, და გაიფიქრა - ის გოგონაც უსათუოდ ხედავს მზესო.

🗣დღეს, 31 მაისს 16:00 საათზე ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში “სტუდენტების ხმის” ორგანიზებითა და ქართული ენის ცენტრის მხარდაჭ...
31/05/2022

🗣დღეს, 31 მაისს 16:00 საათზე ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში “სტუდენტების ხმის” ორგანიზებითა და ქართული ენის ცენტრის მხარდაჭერით გამართული ლიტერატურული კონკურსის “ლიტმედი 2022” დაჯილდოვების ცერემონია შედგა. 🎁💝

ღონისძიებას ესწრებოდა კონკურსის ჟიური, მათ სიტყვით მიმართეს კონკურსანტებს, წაიკითხეს ამონარიდები მონაწილეთა ნამუშევრებიდან და კიდევ ერთხელ მიულოცეს გამარჯვება.👥🥳

⭐️“სტუდენტების ხმა” დიდ მადლობას უხდის თითოეულ კონკურსანტს იმისათვის, რომ მოგვცა საშუალება გავცნობოდით მათ ნაწარმოებებს. ⭐️

დღევანდელი ღონისძიების დასასრულსაც გავაჟღერეთ ეს ამბავი და აქაც გავიმეორებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი “ლიტმედი” აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ყოველწლიურად შეეძლება მასში მონაწილეობის მიღება.❣️❣️

🗣ლიტმედი2022-ის ნამუშევრების კვირეული გრძელდება⭐️📝მარიამ ბესელია - “რეანიმაციაში ნამუშევარი სტუდენტის დაკვირვება”. ადამი...
30/05/2022

🗣ლიტმედი2022-ის ნამუშევრების კვირეული გრძელდება⭐️

📝მარიამ ბესელია - “რეანიმაციაში ნამუშევარი სტუდენტის დაკვირვება”.

ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ.
საერთოდ არ უნდა კვდებოდნენ.
ან უნდა კვდებოდნენ ერთად. სულ, სულ ერთად.
ადამიანები არ უნდა გრძნობდნენ სიკვდილით გამოწვეულ სიცარიელეს და იმას, რომ ამქვეყად ყველაზე, ყველაზე საცოდავები არიან.
არ უნდა გრძნობდნენ იმ საზიზღარ გრძნობას, შეცოდება რომ ჰქვია და არ უნდა მისტიროდნენ იმას, რაც გაქრა.
მაგრამ ადამიანები კვდებიან. გრძნობენ.
ცარიელდებიან.
ივსებიან.
და ისევ კვდებიან.
და ტოვებენ სხვებს- აი, იმათ, საყვარელი ადამიანები რომ ჰქვიათ.
და იჭედებიან იმ სასრულობასა და უსასრულობას შორის, რომ ვერ გაიგებ, ვინ უფრო ცოდოა.
ადამიანები არ უნდა გრძნობდნენ ტკივილს - აი ისეთს, ბოლო ხმაზე რომ აყვირებთ. არც სხვები არ უნდა გრძნობდნენ ამ ტკივილს, საკუთარიც რომ არ არის.
არ უნდა გვესმოდეს, როგორ აწუხებთ, როგორ ტკივათ, როგორ კვდებიან.
არ უნდა გვესმოდეს, როგორ ქრებიან.
ქრებიან ჩვენ თვალწინ.
არ უნდა ვხედავდეთ, როგორ იბრძვიან და მარცხდებიან. არც იმას უნდა ვხედავდეთ, როგორ იმარჯვებენ. საერთოდ არ უნდა ვხედავდეთ, როგორ იბრძვიან.
ან საერთოდ არ უნდა იბრძოდნენ.
ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეთ.
არ უნდა სჭირდებოდეთ.
ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ.
საერთოდ არ უნდა კვდებოდნენ.

მაგრამ კვდებიან.

🗣 წარმოგიდგენთ ლიტმედი 2022 ის პირველ ნამუშევარს.♥️⭐️📝 ელენე დემეტრაშვილი - “შეშინებული რწმენა”სიბნელე მიყვარს... ალბათ,...
29/05/2022

🗣 წარმოგიდგენთ ლიტმედი 2022 ის პირველ ნამუშევარს.♥️⭐️

📝 ელენე დემეტრაშვილი - “შეშინებული რწმენა”

სიბნელე მიყვარს... ალბათ, იმიტომ, რომ მის გარეშე არც სინათლე იარსებებდა. მის გარეშე ვერ შევიგრძნობდით იმ ნუგეშისმომცემ ძალას, რომელიც ღამით ბნელი ფიქრებიდან გამორკვევაში გვეხმარება ხოლმე.
ამ ბოლო დროს უძილობა დამჩემდა... ვწევარ, ვწევარ, ვწევარ და რაც უფრო მეტად ვცდილობ სიზმრების სამყაროში შებიჯებას, მით უფრო ვშორდები მას... მინდა, თვალების დახუჭვისთანავე გავითიშო, ხელიდან დავუსხლტე ბნელი ფიქრების გილიოტინას, ისე რომ ჯალათმა ბორკილების დადებაც ვერ მოასწროს. მაგრამ ეს არ შემიძლია. სიბნელე მიყვარს... თუმცა, მისი მეშინია კიდეც, მეშინია, რომ ერთხელაც ამ უკუნეთში დავიკარგები, ვეღარაფერს დავინახავ და ბნელეთის მეუფეც შემზარავი კისკისით მომაქცევს თავისი შავბნელი აზრების ტყვეობაში. მეშინია, რომ ამ ზმანებებსა და წარმოდგენებში გამომწყვდეულს, ყოველგვარი ძალა გამომეცლება. ძალასთან ერთად იმედიც გაქრება. იმედი, რომელიც ყოველ ღამით მოაქვს ხოლმე რაღაც ამოუცნობ ძალას და ჩურჩულით მეუბნება: "ახლა დამშვიდდები, მალე გათენდება და ყველაფერი ისევ კარგად იქნება!" დიახ, სწორედ ამ იმედის დაკარგვის მეშინია. სანამ იმედი არსებობს, ვიცი, რაც არ უნდა სასტიკად ვეწამო ფიქრების ტყვეობაში, ყველაფერს გავუძლებ, გავუმკლავდები და გილიოტინას მაინც გადავურჩები, რადგან მეცოდინება, რომ სიბნელეს სინათლე მოსდევს. ეს ასე უნდა იყოს, ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა! მაგრამ, რა მოხდება, თუ ერთ დღესაც, აღარ გათენდება? თუკი თვალს ვეღარ გავახელ და სიბნელე თავიდან ბოლომდე დამეპატრონება? - მე მოვკვდები. დიახ, მოვკვდები. და როდის მოხდება ეს? როცა იმედი აღარ იარსებებს? იქნებ იმედი სულაც ჩემთან იყოს და არსად წავიდეს, მაგრამ ვერც ამან მიშველოს?! განა, იმედგაცრუებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ვაწყდებით? იქნებ, ახლაც ასე მოხდეს და რწმენამ ვეღარ შეძლოს ჩემი გადარჩენა?! მაშინ რაღა საჭიროა იგი?! რად მინდა რწმენა, რომელიც სიცოცხლის ძალას ვეღარ დამიბრუნებს?! - ალბათ, იმისთვის, რომ ის საბედისწერო ღამე, რომელიც აღარ გათენდება, რაც შეიძლება გვიან დადგეს. რწმენა რომ არა, სინათლეს ვერასოდეს ვიხილავდით. მივხვდი: ძალას კი არ მოაქვს რწმენა, არამედ, რწმენას მოაქვს ძალა, რომლითაც ჩვენ ყოველ ღამე ვებრძვით ბნელეთის მეუფეს... ვებრძვით და ვიმარჯვებთ კიდეც. და თუ ერთ დღესაც, გვწამდა, მაგრამ ვეღარ გავიმარჯვეთ, ესე იგი ასე უნდა მომხდარიყო...სიცოცხლე და სიკვდილი - ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა, ისევე როგორც დღე და ღამე.
"ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გვწამდეს თუ არა?" - მკითხავთ თქვენ. და მე გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, უნდა გვწამდეს! ცხადია, რწმენა განგებას ვერ შეცვლის, მაგრამ ყოფას აუცილებლად შეგვიმსუბუქებს - სიკვდილის შიშით ცხოვრებას სიცოცხლის იმედით ცხოვრება გვერჩივნოს!
"მაშ, თქვენ რატომ ცხოვრობთ შიშით?!" - სამართლიანად ჩამეკითხებით. მე კი გეტყვით, რომ იმედით ცხოვრება სულაც არ გამორიცხავს შიშს! თუმცა მე სიკვდილის კი არ მეშინია, სიცოცხლის იმედის დაკარგვის შიში არ მასვენებს... მაგრამ, იცით, ეს ასეც უნდა იყოს - როდესაც რაღაცის დაკარგვის გვეშინია, უფრო მეტად ვებღაუჭებით მას და ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს! მაშასადამე, თუ გვწამს, გვეშინია კიდეც... თუმცა შიში ცუდი როდია?! მის

გარეშე ხომ ვერ გადავრჩებით. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორი ცნება - იმედი და შიში - განკერძოებით კი არ დგანან, არამედ, პირიქით, უერთმანეთოდ ვერ არსებობენ, ისევე როგორც დღე და ღამე... სიცოცხლე და სიკვდილი...

28/05/2022

📣 დღეს, 28 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ღია კარის დღე. მომავალი სტუდენტებისთვის 👩‍🎓👨‍🎓⭐️

📚ჩვენს მომავალ კოლეგებს, უნივერსიტეტში ჩაუტარდათ გაცნობითი მასტერკლასები, სადაც გაეცნენ თავიანთ სასურველი სფეროს 🩺🩻🏥🦷🦷

🗣“სტუდენტების ხმა” წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით, კი მათ, ვინც თავისი ცხოვრება სამედიცინო სფეროს დაუკავშირა. 🚑

სამედიცინო პერსონალი გმირია!🦸‍♀️🦸‍♂️

ჩვენ, ყველანი ვაცნობიერებთ, რამდენად სტრესული და დამღლელია სამედიცინო სფერო, ამიტომ “სტუდენტების ხმა” ყველანაირად ეცდება იზრუნოს სტუდენტური ცხოვრების გახალისებაზე და გალამაზებაზე♥️⭐️

⭐️Let’s create something great together⭐️

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when „სტუდენტების ხმა "- "Voice of the Students“ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to „სტუდენტების ხმა "- "Voice of the Students“:

Share