ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
Department of Student Affairs
(1)

სტუდენტების დაკვალიანებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტი ჩართულობისთვის, საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისთვის შექმნილი ერთეული

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

• საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;
• სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება და სტუდენტური პრო

ექტების განხორციელების ხელშეწყობა ;
• სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა (დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ვაკანსიებზე ინფორმაციის მიწოდება);
• გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება;
• სპორტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
• საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
• სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების რეგისტრაცია და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია

17/03/2026

„რეფორმის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული ეთნიკური უმცირესობების ან სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე ჯგუფების ინტერესები“

▸ რუსლან ომაროვი - განათლების სკოლის მაგისტრატურის სტუდენტი

🔗 სრული ვიდეო ილიაუნის 𝐘𝐨𝐮𝐓𝐮𝐛𝐞 არხზე: https://shorturl.at/QzmmY

17/03/2026

„ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვყავდეს კომპეტენტური სასკოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები“

▸ მარიამ უძილაური - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული

🔗 სრული ვიდეო ილიაუნის 𝐘𝐨𝐮𝐓𝐮𝐛𝐞 არხზე: https://shorturl.at/QzmmY

17/03/2026

💬 „განათლების სისტემაში განვითარებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელება ამ სფეროს პროფესიონალების, ლიდერების გარეშე შეუძლებელია“

▸ მანანა რატიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი

🔗 სრული ვიდეო ილიაუნის 𝐘𝐨𝐮𝐓𝐮𝐛𝐞 არხზე: https://shorturl.at/QzmmY

ალისა სანაკოევაილიაუნის კურსდამთავრებული„ბევრი დაიწერა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ...
13/03/2026

ალისა სანაკოევა
ილიაუნის კურსდამთავრებული

„ბევრი დაიწერა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ქვეყნისთვისა და მეცნიერებისთვის.
მინდა დავწერო რამხელა მნიშვნელობა აქვს მას პირადად ჩემთვის.
ილიაუნიში ჩემი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სანამ სტუდენტი გავხდებოდი, ალბათ ,სადღაც 2016 წლიდან. ამ წლების მანძილზე ილიაუნიმ მომცა დიდი გამოცდილება, რომელთა არასრულ ჩამონათვალს წარმოგიდგენთ:

- ჩვენი პირველი საჯარო პრეზენტაცია გველებზე. ამით დაიწყო ჩემი გველებთან უფრო სერიოზულად მუშაობა.

- ჩემი პირველი სამეცნიერო კვლევა გერმანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად. უკვე არამარტო ვუზიარებდი სხვებს ჩემს ცოდნას, არამედ წვლილი შემქონდა ახალი ცოდნის შექმნაშიც. ამ დროს ჯერ სკოლის მოსწავლე ვიყავი, თუმცა ილიაუნის დამსახურებით მაინც მომეცა ამის საშუალება.

- ჩემი გერმანიაში (უკვე სტუდენტობის პერიოდში), ბონში გამგზავრება და სტაჟირება უმაღლესი ხარისხის ზოოლოგიურ მუზეუმში გერმანელ ექსპერტებთან.

- ნორვეგიაში გამგზავრება, რის შემდეგაც საქართველო გახდა GBIF-ის (Global Biodiversity Information Facility) წევრი ქვეყანა.

- ჩემს საყვარელ თემაზე - გველგესლებზე მუშაობა მსოფლიოში წამყვან ექსპერტთან ერთად. ეს მოიცავდა სამეცნიერო კვლევის სრულ სპექტრს - საველე სამუშაოები, ლაბორატორიაში დნმ-ის სექვენირება და შედეგების დამუშავება. ამ თემაზე დავიცავი ჩემი საბაკალავრო ნაშრომი.

- ამავე კვლევის ფარგლებში, ჩემი თანაავტორობით გამოიცა რამდენიმე სამეცნიერო სტატია გველგესლებზე.

- მთელი ამ წლების მანძილზე მომეცა შესაძლებლობა, მემოგზაურა საქართველოში და საქართველოს გარეთ.

- ახლა ამ ყველაფერს ვწერ აშშ-დან, სადაც სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით ვსწავლობ ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. აქ არ ვიქნებოდი, რომ არა ილიაუნი.

- ილიაუნიმ შემიქმნა სივრცე, სადაც შევძელი თვითრეალიზაცია და ჩემს საყვარელ თემაზე მუშაობა. ასევე, მრავალი პოსტი დაიწერა იმაზე, ჩემს პარალელურად რამხელა წვლილი შეჰქონდათ მეცნიერებასა და ქვეყნის განვითარებაში ჩემს კოლეგებს.

მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს ვერ მივიღებდი საქართველოში სხვა ნებისმიერი უნივერსიტეტისგან. ახლა აშშ-ში ვაგრძელებ საქართველოს გველგესლების კვლევას. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ისევ და ისევ ილიაუნის დავუბრუნდე, უკვე როგორც დოქტორი, ჩემი გამოცდილება და ცოდნა ჩემს უნივერსიტეტს მოვახმარო.

მე ვარ მხოლოდ ერთი კერძო მაგალითი, ამ დეფორმის შემდგომ რამდენი ასეთივე კერძო მაგალითი აღარ იარსებებს?

ხშირად მეფიქრებოდა ხოლმე, რომ ჩემს პატარა ძმასაც, რომელიც ასევე ზოოლოგიითაა გატაცებული, ილიაში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა ექნებოდა, ეს პროფესია რომ აირჩიოს.
უბრალოდ დაუშვებელია ამ უნივერსიტეტის ასე განადგურება. ეს იქნება უდიდესი დანაკარგი ქვეყნისთვის, მეცნიერებისვის და პირადად ჩემთვისაც.

და გთხოვთ, არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ილიაუნელებს გვეხება ეს. ხალხო, ქვეყნის და სამხრეთ კავკასიის წამყვანი უნივერსიტეტი ნადგურდება, რომელშიც ამდენი ადამიანის შრომა და სიყვარულია ჩადებული.

უდიდესი სიბოროტეა უბრალოდ“.

#ვიცავთილიაუნის #ილიაუნი #განათლებისრეფორმა #მეცნიერება #სტუდენტურიპროტესტი

ნიკა გურინი, ილიაუნის კურსდამთავრებული"ილიას უნივერსიტეტზე მეც უნდა დავწერო.ცოტა გრძელი პოსტი კი გამომივა, მაგრამ გულით ...
12/03/2026

ნიკა გურინი, ილიაუნის კურსდამთავრებული

"ილიას უნივერსიტეტზე მეც უნდა დავწერო.

ცოტა გრძელი პოსტი კი გამომივა, მაგრამ გულით ვწერ ადგილზე სადაც მისწავლია, მიმუშავია და აკადემიური თავისუფლება შემიგრძვნია.

არასდროს დამავიწყდება 2016 წელს პირველად რომ შევედი უნივერსიტეტში, როგორც პირველკურსელი. პირველი საინფორმაციო შეხვედრა ადმინისტრაციასთან, სადაც გავიაზრე, რომ მოქალაქე ვარ, პასუხისმგებლობებით და უფლებებით.

- ეს არის ადგილი, რომელმაც მომცა ყველაფერი, როგორც სტუდენტს და შემდეგ, როგორც კურსდამთავრებულს.

- ილიაუნიში გავიცანი ადამიანები, რომლებიც ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობრები, პარტნიორები და მხარდამჭერები გახდნენ. მართლაც, რამდენი საათი გაგვიტარებია უნივერსიტეტის დერეფნებში თუ ბიბლიოთეკის სამუშაო ოთახში სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას.

- უნივერსიტეტში პირველკურსელმა ვისწავლე პროექტის წერა და სწორედ ილიაუნი იყო ჩვენი იდეის პირველი მხარდამჭერი.

- სწორედ ილიაუნი იყო, რომლის რეკომენდაციითაც პირველ გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა უცხოეთში.

- ილიაუნი იყო, რომელიც ყვარლის ევროკლუბის იდეას პირველმა დაუჭირა მხარი და თანამედროვე ბიბლიოთეკა მოგვიწყო.

- ილიაუნია, რომელიც დღემდე ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია - ადამიანის უფლებებზე რამდენი გაკვეთილი ჩაგვიტარებია სკოლებში და რამდენი საჯარო ლექცია გაგვიმართავს სხვადასხვა ადგილას.

- რამდენი ინიციატივისთვის დაუჭერია მხარი ილიაუნის მხოლოდ ჩემთან შემხებლობით, ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთს ვიტყვი - ილიაუნი ცოცხალი და დამოუკიდებელია და მას ვერ დაამარცხებთ.

ჩემთვის ცხოვრებისეული პატივია, მერქვას ილიაუნელი და ვიყო ამ დიდი ოჯახის წევრი.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ქმნით და იცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს!"

#ვიცავთილიაუნის #ილიაუნი #განათლებისრეფორმა #მეცნიერება #სტუდენტურიპროტესტი

თინი ავსაჯანიშვილი, ილიაუნის კურსდამთავრებული"წლების განმავლობაში ილიაუნისთან შეხება სხვადასხვა როლში მქონია: პირველად -...
11/03/2026

თინი ავსაჯანიშვილი, ილიაუნის კურსდამთავრებული

"წლების განმავლობაში ილიაუნისთან შეხება სხვადასხვა როლში მქონია: პირველად - როგორც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომელს; მეორედ - როგორც სტუდენტს, როცა მაგისტრატურაზე ჩავაბარე და შემდეგ დოქტორანტურაზე გავაგრძელე სწავლა; და მესამედ - როცა პრაქტიკული კურსის სუპერვიზია და პროფესორის ასისტირება დავიწყე.

ვერასდროს ვპოულობდი საჭირო დროს ან სიტყვებს მადლიერების გამოსახატად იმ ყველაფრისთვის, რაც ამ უნივერსიტეტმა მომცა. და ალბათ, ახლა საუკეთესო მომენტია...

გარდა იმისა, რომ აქ ვისწავლე და შევიყვარე ჩემი პროფესია, ამ უნივერსიტეტმა მასწავლა კიდევ უფრო ღირებული რამ - ის, რასაც ყველგან და ყველასგან ვერ ისწავლი:
- მასწავლა, რომ უნდა შევინარჩუნო სიმშვიდე და მტკიცედ ვაკეთო ის, რისიც მწამს, მაშინაც კი, როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა;

- რომ უნდა მწყუროდეს ცოდნის მიღება და მუდმივად ვცდილობდე, დავიკმაყოფილო ეს სურვილი;

- მასწავლა, რომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა და ყოველთვის ვეცადო, ვეძებო გზები, საუკეთესოდ ვაკეთო არჩეული საქმე;

- მაჩვენა, როგორ უნდა ვირწმუნო საკუთარი თავის და ყოველთვის ვცდილობდე გავხდე უკეთესი;

- რომ ცოდნა უნდა გამოვიყენო სხვების დასახმარებლად და მათი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად;

- მასწავლა, როგორ უნდა ვასწავლო სხვებს და რომ ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია;

- დამარწმუნა, რომ გამოვთქვა საკუთარი აზრი მაშინაც კი, როცა ის ნაკლებ პოპულარულია;

- მომცა ცოდნა, რომ გავარჩიო სწორი არასწორისგან, მაგრამ არასდროს მიუთითებია, რა უნდა მეწამა;

- რომ უნდა დავიცვა ღირსება მაშინაც კი, როცა ამას სხვა სიკეთეები ეწირება;

- მასწავლა, რომ უნდა ვიყო კეთილსინდისიერი, პატივი ვცე სხვის შრომას და პირნათლად შევასრულო ჩემი მოვალეობები;

- დამანახა, რომ დიდი საქმეების კეთება მცირე რესურსებითაც შეიძლება;

- მასწავლა განსხვავებული აზრის მოსმენა და მრავალფეროვნების პატივისცემა;

ალბათ, უსასრულოდ შემიძლია გაგრძელება...

ახლა, სრულიად გაუგებარი მოტივით, უნივერსიტეტი განადგურების რისკის წინაშეა. და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვინმეს არ შესტკიოდეს გული წლების განმავლობაში ნაშენები რესურსის, ცოდნის, პოტენციალის ნგრევის ყურებისას.

ყველა ილიაუნელს და მის გულშემატკივარს გამძლეობას, სულის სიმტკიცეს და საკუთარი ღირსების ბოლომდე დაცვას გისურვებთ. ის მაინც არ დაგვრჩება ხინჯად, რომ არ ვეცადეთ..."

#ვიცავთილიაუნის #ილიაუნი #განათლებისრეფორმა #მეცნიერება #სტუდენტურიპროტესტი

💬 „განათლების ცენტრალიზების ცდუნება ხშირად არადემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩნდება. არადა რაც უფრო ვზრდით კონტროლს...
11/03/2026

💬 „განათლების ცენტრალიზების ცდუნება ხშირად არადემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩნდება. არადა რაც უფრო ვზრდით კონტროლს, მით უფრო ვამცირებთ ნდობას, ნდობის გარეშე კი განათლება ვერ ვითარდება“

▸ მანანა რატიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი

💬 „იმის ნაცვლად, რომ ვაუმჯობესებდეთ განათლების სკოლას უნივერსიტეტებში, გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ეს პროგრამები არ დაიხუროს“

▸ მარიამ უძილაური - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული

💬 „Რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, განათლების ადმინისტრირებას, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული სამაგისტრო პროგრამაა, ადგილების შეკვეცა და 5-მდე დაყვანა გასაოცარია რა მიზანს ემსახურება, მაშინ როცა, ამდენი მოთხოვნაა კვალიფიციურ საგანმანათლებლო ლიდერზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში“

▸ რუსლან ომაროვი - განათლების სკოლის მაგისტრატურის სტუდენტი

#ვიცავთილიაუნის
#ვიცავთგანათლებას

ელეონორა ქირია, ილიაუნის სტუდენტი"რა მომცა ილიაუნიმ და რას კარგავენ მომავალი სტუდენტები ⬇️ამჟამად ბუნების დაცვისა და მეტ...
10/03/2026

ელეონორა ქირია, ილიაუნის სტუდენტი

"რა მომცა ილიაუნიმ და რას კარგავენ მომავალი სტუდენტები ⬇️

ამჟამად ბუნების დაცვისა და მეტყევეობის სტუდენტი ვარ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2020 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩავირიცხე. 2021 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და დღემდე ვმუშაობ.
შეიძლება ბევრისთვის ეს დეტალები მოსაწყენიც იყოს, თუმცა მინდა მოკლედ და არაემოციურად ჩამოვთვალო, რა შესაძლებლობები მომცა ილიაუნიმ.

- 2020 წლიდან დღემდე მონაწილეობა მივიღე 10 ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, სხვადასხვა პოზიციაზე. ეს პროექტები დაკავშირებული იყო ზოოლოგიასთან, მღვიმეების ეკოლოგიასთან, მაღალმთის ბიომრავალფეროვნებასთან და სატყეო მიმართულებასთან.

გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე ოთხ გაცვლით პროგრამაში:

- Erasmus+, ჩეხეთი, ოლომოუცი — პალაცკის უნივერსიტეტი, სადაც ვმუშაობდი ჩემს პირველ სამეცნიერო პუბლიკაციაზე;

- DAAD, გერმანია - პრაქტიკული და თეორიული სწავლება თემაზე "კავკასიის ტყეების ბიომრავალფეროვნება";

- Erasmus+, ნორვეგია - თრომსოს არქტიკული უნივერსიტეტი, სადაც ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ჩემს სამაგისტრო ნაშრომზე;

- ამავე უნივერსიტეტში მოგვიანებით დავბრუნდი მობილობით, როგორც ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი და ვეუფლებოდი მონაცემთა ანალიზისა და ბიოინფორმატიკის თანამედროვე მეთოდებს.

- ამასთან, წარვადგინე პირველი პოსტერი მირიაპოდოლოგიის მეოცე საერთაშორისო კონგრესზე,

- მონაწილეობა მივიღე არაერთ საველე-კვლევით ექსპედიციაში და გამოვაქვეყნე ოთხი სამეცნიერო პუბლიკაცია (ერთი გზაშია და რამდენიმე ემზადება) რეფერირებად ჟურნალებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აქ შევიძინე მეგობრები და თანამოაზრეები. ადამიანები უამრავი იდეით, ცოდნით და რესურსით იმისთვის, რომ ვემსახუროთ ქვეყანას ჩვენს დარგში.

თუმცა როგორც ჩანს, განათლების „განვითარებისთვის“ ჩვენი უნივერსიტეტის დახურვაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ჩემი სასწავლო პროგრამები ფაქტობრივად უქმდება.

ეს არის ადგილი, რომელმაც მომცა შანსი გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ.

ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ მოსწავლეებს, ჩვენს მომავალ სტუდენტებს, ამ შესაძლებლობებს ართმევენ და უფერული სტუდენტური დღეებისთვის იმეტებენ."

#ვიცავთილიაუნის #ილიაუნი #განათლებისრეფორმა #მეცნიერება #სტუდენტურიპროტესტი

ლუკრე სიჭინავა, ილიაუნის კურსდამთავრებული„8 წლის წინ, სკოლა რომ დავამთავრე და ჩავაბარე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტ...
10/03/2026

ლუკრე სიჭინავა, ილიაუნის კურსდამთავრებული

„8 წლის წინ, სკოლა რომ დავამთავრე და ჩავაბარე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შევეჩეხე პირველ უდიდეს იმედგაცრუებას ჩემს ზრდასრულობაში. მოძველებული ცოდნა, ლექსებივით დაზეპირებული წინადადებები, უკვე ვეღარკვალიფიციური კადრები და სივრცე, სადაც სტუდენტებს აგრძნობინებდნენ, რომ არაფერს წარმოადგენდნენ. ყოველი წლის შემოდგომას რექტორიც კი სტუდენტებთან შეხვედრისას დასცინოდა მათ და ეუბნებოდა, რომ არ უნდა ჰქონოდათ მეტის მოლოდინი და მეტიც – მათი სწავლა ინდოელების გადახდილი დოლარების დამსახურება იყო. რამდენიმე წელი დავყავი მაგ უნივერსიტეტში საკუთარი თავის ძიების გამო და შემდეგ პროფესიაც შევიცვალე.

ოთხ წელიწადში, როცა სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიწყე, თანაც ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე, სრულად შოკირებული ვიყავი. ზუსტად იმ გარემოში მოვხვდი, როგორიც ენთუზიაზმით სავსე სკოლის მოსწავლეს წარმომედგინა.
მყავდნენ პროფესორები, რომლებსაც ყოველთვის ვუსმენდი, ადამიანები, რომლებიც სრულად და აქტიურად იყვნენ ჩართული აკადემიურ ცხოვრებასა და კვლევით საქმიანობაში. იდეალი არა ვინმე უცხოელი მკვლევარი, არამედ ჩემივე პროფესორები იყვნენ, რომლებიც საკუთარი ხელით გაზომილ და გამოკვლეულ თემებს გვასწავლიდნენ. როგორც სტუდენტი, თავს ვგრძნობდი რაღაც დიდის ნაწილად და ფასეული საზოგადოების წევრად, სადაც ჩემს სიტყვას პატივს სცემდნენ. შემდეგშიც კი, როცა მუშაობა დავიწყე ამავე უნივერსიტეტში, ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი. როგორ მნიშვნელოვანად აღიქვამდნენ თითოეული სტუდენტის პრობლემას.

დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების მინისტრის განცხადება სწორედ ამის დანგრევას ემსახურება. თავისუფალი სიტყვის და კარგი განათლების ხმის ჩახშობას. გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ეს ხმა უქმდება ყველა სხვა უნივერსიტეტშიც, თუმცა მათი პროტესტი შედარებით სუსტია, რადგან სახელმწიფოს საცეცებმა მათთან უკვე შეაღწია. დღეის მონაცემებით ილიაუნი რეგიონში პირველ ადგილს იკავებს კვლევითი საქმიანობით, რაც, როგორც ჩანს, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს სისტემისთვის.

სისტემას არ სჭირდება ინდივიდები, რომელთაც თავიანთი უნიკალური და
ინდივიდუალური ხმა აქვს. სისტემას სჭირდება ერთი აზრი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. სისტემას სჭირდება ფარა მხედველობის მცირე არეალით.
მაგრამ“...

#ვიცავთილიაუნის
#ილიაუნი
#სტუდენტურიპროტესტი #მეცნიერება

ანდრო ყირიმელი, ილიაუნის კურსდამთავრებული"მინდა ამ მოკრძალებული წერილით მადლობა გადავუხადო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს...
26/02/2026

ანდრო ყირიმელი, ილიაუნის კურსდამთავრებული

"მინდა ამ მოკრძალებული წერილით მადლობა გადავუხადო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს იმ ფასდაუდებელი თავგადასავლისთვის, რაც 2 წლის განმავლობაში, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში გავიარე ამ უნივერსიტეტთან ერთად.

ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტი დგას იდეებზე და ადამიანებზე, რომლებიც ამ იდეებისთვის იბრძვიან. შესაძლოა შენობა დახურო, სასწავლო პროგრამა გააუქმო, სტუდენტს სწავლა აუკრძალო, მაგრამ ვერ გააქრობ იდეას, რომელიც აზროვნების თავისუფლებაზე დგას.

2021 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებით, მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რისი გაგრძელებაც, შემდგომი 2 წლის მანძილზე, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა იყო.

თანამედროვე სწავლების მეთოდები, ინოვაციური მიდგომები, კრიტიკული აზროვნება, პროფესიონალიზმი, თავისუფალი გარემო და საკუთარი საქმის სიყვარული არის ის, რასაც ილიაუნს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უნივერსიტეტად აქცევს საქართველოში. ფასდაუდებელია ის გამოცდილება, რასაც სტუდენტი იღებს ილიას უნივერსიტეტში, სადაც მეცნიერების ენთუზიასტი ადამიანები მუშაობენ და სწავლობენ.

ძალიან რთული და ამავდროულად საამაყოა, ილიაუნის აუდიტორიებში სწავლობდე ჰომეროსს, გოეთეს, სერვანტესს, დოსტოევსკის, შექსპირს, ვაჟა-ფშაველას, ხოლო ლექციის შემდეგ დატოვო აუდიტორია და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ეზოში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე იბრძოლო იმ იდეებისთვის, რისთვისაც თავად ილია ჭავჭავაძე ებრძოდა. "

#ვიცავთილიაუნის
#ილიაუნი
#სტუდენტურიპროტესტი #მეცნიერება

📢 ვიცავთ ილიაუნის - ღია ლექციების და შეხვედრების სერიადისკუსიები და შეხვედრები უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე...
25/02/2026

📢 ვიცავთ ილიაუნის - ღია ლექციების და შეხვედრების სერია

დისკუსიები და შეხვედრები უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

სპიკერები:

▸ გიორგი ჯავახიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ასტრონომიის მიმართულებით

▸ ქეთი წიკლაური - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროგრამის სტუდენტი

📅 დრო: 26 თებერვალი, 19:00
📍 ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

#ვიცავთილიაუნის
#ვიცავთგანათლებას

უნივერსიტეტი ავტონომიურია! #ვიცავთილიაუნის  #ილიაუნი  #განათლებისრეფორმა  #მეცნიერება
25/02/2026

უნივერსიტეტი ავტონომიურია!

#ვიცავთილიაუნის #ილიაუნი #განათლებისრეფორმა #მეცნიერება

Address

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის პირველი სართული (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs:

Share