07/08/2026
თსუ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!
ვრცელ განმარტებამდე (იხილეთ ქვემოთ), თავშივე გაცნობებთ, რომ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა რეაკრედიტაციის პროცესშია და პირველკურსელებს წელს ვერ მივიღებთ. ხოლო თავად პროგრამა არ გაუქმებულა!
დღეს, 7 აგვისტოს, აბიტურიენტებს სახელმწიფოსგან დაეგზავნათ შემდეგი მესიჯი: “Gatsnobebt, rom TSU-S programaze kodit 0010157 gaugmda migheba. Gtkhovt, gadakhedot tqven mier shedgenil programebis prioritetul sias.”
ამ შეტყობინებამ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებში გამოიწვია დაბნეულობა და შეშფოთება. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია.
კიდევ ერთხელ, პროგრამა არ გაუქმებულა, მოულოდნელი რეაკრედიტაციის პროცესშია და ეს ახალი ნაკადის მიღებას აფერხებს, როგორც ჩანს.
კერძოდ, მოულოდნელია ეს რეაკრედიტაცია, რადგან
29 ივნისს სატელეფონო ზარით ცენტრიდან გვაცნობეს, რომ მომდევნო დღეს, 30 ივნისს პროგრამას უმთავრდებოდა აკრედიტაციის ვადა.
განგვიმარტეს, რომ მაშინ, როცა თსუ-ის ყველა სხვა, ასეულობით პროგრამა 2029 წლის კლასტერული აკრედიტაციის პროცესში გადაიტანა ცენტრმა, გამონაკლისის სახით, წელს რეაკრედიტაციისთვის დატოვეს მხოლოდ - ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა.
თუმცა, ამის შესახებ არ გვაცნობეს წინასწარ გადმოგზავნილი სარეაკრედიტაციო პროგრამების სიით (წელიწადში 2-ჯერ გვიგზავნის სამინისტროს ცენტრი ამ სიას).
შევიტანეთ ერთ დღეში სარეაკრედიტაციო საბუთები, ხოლო ექსპერტთა ვიზიტი იყო ერთ თვეში- 31 ივლისს, თსუ-ში.
ამ პროცესში თსუ ხარისხის მართვის სამსახურმა აგვიხსნა, რომ რისკი იყო ის, რომ სარეაკრედიტაციო ექსპერტთა ჯგუფი დასკვნის დაწერას ვერ მოახერხებდა სწრაფად (2-3 კვირა დაგვისახელეს დასკვნის მომზადების დროდ). კერძოდ, რომ შესაძლებელია, ვერ მოესწროთ აბიტურიენთა მიერ პროგრამების არჩევის ბოლო ვადამდე დასკვნის მომზადება და ამიტომ პირველკურსელთა ახალი ნაკადის მიღება წელს რისკის ქვეშ დადგებოდა.
როგორც ჩანს, დღეს პროგრამების არჩევის ბოლო დღეა (?) და ამიტომ ცენტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ წელს პირველკურსელების მიღება აღარ მოხდება, ხოლო ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა აბიტურიებტებს.