28/04/2026
🔸 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ გამორჩეულ მთარგმნელს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს, მანანა ანთაძეს.
🔸 ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ და ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ნანა პარინოსმა. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობას მომავალი მთარგმნელებისთვის, რადგან მანანა ანთაძის მოღვაწეობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება უცხოენოვანი ტექსტის ადაპტირება ქართულ კულტურულ კონტექსტში.
🔸 შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა სტუმრის 50-წლიან პროფესიულ გამოცდილებაზე. აღინიშნა, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის ქართული თეატრალური სცენა წარმოუდგენელია მანანა ანთაძის გარეშე. მისი თარგმანები მხოლოდ ლინგვისტური სიზუსტით არ შემოიფარგლება - ის ფლობს უნიკალურ უნარს, შექმნას ე.წ. „სასცენო ენა“, რომელიც ტექსტს მსახიობისთვის ორგანულს, ხოლო მაყურებლისთვის ცოცხალს ხდის.
🔸 აღსანიშნავია, ის საკულტო სპექტაკლები, რომელთა ტექსტებიც მანანა ანთაძეს ეკუთვნის: შექსპირის „მაკბეთი“ და „მეფე ლირი“; მოლიერის „დონ ჟუანი“; ტენესი უილიამსის „ტრამვაი - სურვილი“.
🔸 შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ფენომენს - „ჰარი პოტერს“ დაეთმო. მანანა ანთაძემ დამსწრეებს გაუზიარა გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა საავტორო უფლება პირადად ჯოან როულინგისგან სერიის პირველი წიგნის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“ სათარგმნელად.
🔸 შეხვედრის დასასრულს, ინტერაქციულ რეჟიმში, სტუდენტებმა მიიღეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც შეეხებოდა როგორც თარგმანის სირთულეებს, ისე თანამედროვე დრამატურგიის გამოწვევებს.