20/04/2026
დღეს კახა ბენდუქიძე 70 წლის გახდებოდა.
კახა ბენდუქიძე დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს თბილისში, გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს ლონდონში, დევნილობაში.
რა დატოვა გარდაცვალების შემდეგ?
• თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - წარმატებული უმაღლესი სასწავლებლები პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებული მოვლენაა.
• რეფორმირებული საქართველო - მისი ღრმა რეფორმები საქართველოს ისტორიაშია შესული როგორც, ალბათ, ყველაზე რადიკალური გარდაქმნის მაგალითი უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე. სხვადასხვა ქვეყნისათვის ქართული რეფორმები იქცა შთაგონების წყაროდ.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები
2007 წელს კახა ბენდუქიძემ დააარსა არამომგებიანი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, ცოდნის ფონდი, ის საქართველოს მასშტაბით უდიდესი კერძო ფონდია განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ცოდნის ფონდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა.
„მე შევქმენი ორგანიზაცია, რომელშიც შემიძლია ფული ჩავდო, მაგრამ არ შემიძლია წამოვიღო. ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ოფიციალურად ეს სტატუსიც აქვს. [...] მისი ბენეფიციარი არის განათლება და არა ბენდუქიძე ან ჩემი რომელიმე ნათესავი.“ - კახა ბენდუქიძე ცოდნის ფონდის შესახებ, გადაცემა „ფოკუსი“, 2014 წელი.
საჯარო სექტორის დატოვების შემდეგ, კახა ბენდუქიძემ დააფუძნა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს კი ახალი, ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქა.
2008 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა ბიზნესის სკოლა - ESM და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი. შემდეგ წლებში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში შეიქმნა სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, ფიზიკის სკოლა, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა.
2011 წლიდან კახა ბენდუქიძემ მასშტაბური რეფორმები დაიწყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ძირეული გარდაქმნისთვის, რაც მოიცავდა: ახალი პროგრამების საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებასა და დანერგვას, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების დამკვიდრებას, კვალიფიციური პროფესორების და მკვლევრების შერჩევას, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა საქართველოში კახა ბენდუქიძის მოწვევით, კამპუსის ინფრასტრუქტურის რადიკალურ რეაბილიტაციასა და განახლებას, ლაბორატორიების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შექმნისა და განვითარებისათვის კახა ბენდუქიძის დაარსებულმა ცოდნის ფონდმა 2007-2014 წლებში 50 მილიონი აშშ დოლარის საქველმოქმედო ინვესტიცია განახორციელა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა გუნდმა დამატებით 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ცოდნის ფონდის მეშვეობით. 2018 წლიდან კი ცოდნის ფონდმა საქმიანობა დაიწყო საშუალო განათლებაში.
ამდენად, 2025 წლისთვის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, რაც გამორჩეული კერძო საქველმოქმედო ინვესტიციაა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მასშტაბით.
რეფორმირებული საქართველო
კახა ბენდუქიძე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა არა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, არამედ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაშიც.
მისმა რეფორმებმა საქართველოს ეკონომიკა უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე გახადა. მის მიღწევებს საერთო საფუძველი აქვს. ბენდუქიძის მთავარი მისია ვესტერნიზაცია და პოსტსაბჭოური ქვეყნების განვითარებულ სამყაროსთან დაახლოება იყო. პრაქტიკული, შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული ხასიათის გამო, მასში, პირველ რიგში, საზოგადო მოღვაწეს ხედავდნენ.
ბენდუქიძე თავის თავს რეალისტ ლიბერტარიანელს უწოდებდა. მისთვის ლიბერტარიანიზმის მთავარი აზრი მარტივი იყო: „ლიბერტარიანელობის არსი შემდეგია: მთავრობის მცდელობა, გააკეთოს რაღაც კარგი - მავნებლობაა.“
პოლიტიკაში საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა კახა ბენდუქიძეს 2004 წელს მიეცა, როდესაც ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. ის მიიჩნევდა, რომ თუკი ქვეყნისათვის რაიმეს გაკეთების შანსი მოგეცა, უნდა გამოიყენო. მაშინაც კი, როდესაც ნებისმიერ წუთს შეიძლება თანამდებობა დაგატოვებინონ.
2004 წლის ივნისიდან 2009 წლის თებერვლამდე კახა ბენდუქიძეს სამი პოზიცია ეკავა: ეკონომიკის მინისტრი (ივნისი-დეკემბერი, 2004), სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში (დეკემბერი, 2004 - იანვარი, 2008), საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი (იანვარი, 2008 - თებერვალი, 2009). კახა ბენდუქიძე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ქმედით პოლიტიკოსად იქცა, რამდენადაც ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნისათვის გარდამქმნელი ღრმა რეფორმების გატარებაში.
როგორც ეკონომიკური რეფორმების ავტორი, კახა ბენდუქიძე მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოში რადიკალური და ღრმა რეფორმების განხორციელება, შემდეგი ფაქტორების გამო: პატარა ბაზარი ჩაკეტილი ეკონომიკით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭარბი რეგულაციები, სისტემური კორუფცია, ბუნებრივი რესურსების არარსებობა, განვითარებული ეკონომიკის მქონე მეზობლების არარსებობა.
თავისი ხედვის განსახორციელებლად ბენდუქიძემ გუნდის შეკრება დაიწყო. ისეთი ხალხის, როგორიც ვატო ლეჟავაა, რომელიც 2004 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გახდა, ან თამარ კოვზირიძე, მისი კიდევ ერთი მოადგილე. ბენდუქიძე ახალგაზრდებსაც ეძებდა, რომლებიც მის ხედვას იზიარებდნენ და კომუნისტური მენტალიტეტით არ იყვნენ „გაფუჭებული“. უმეტესობა მათგანი 20 წელზე ცოტა მეტის იყო.
მთავარი, რაც კახა ბენდუქიძემ ქართველ რეფორმატორთა გუნდს შესძინა, სახელმწიფოს მიმართ რადიკალური უნდობლობა იყო. „თუ თქვენ მაქსიმალური თავისუფლებისათვის იბრძოლებთ, არ წააგებთ. თუკი იბრძვით იმისათვის, რომ შეზღუდოთ თავისუფლება, 250-ჯერ უნდა დაფიქრდეთ. ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ ღირს, თუ ამ საქციელით უფრო დიდ „არათავისუფლებას“ ეწინააღმდეგებით“, - მიიჩნევდა იგი.
გატარებულმა სიღრმისეულმა რეფორმებმა მოიცვა: ბიუროკრატიის შემცირება (საჯარო უწყებების მინიმუმ მესამედით შემცირება და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის განახევრება), გადასახადების განაკვეთებისა და რაოდენობის შემცირება, ლიცენზიებისა და ნებართვების მკვეთრი შემცირება, ბიზნესის რეგისტრაციის მნიშვნელოვნად გამარტივება, ყოვლისმომცველი პრივატიზაცია, ღია სავიზო რეჟიმის შემოღება, ვაჭრობის ლიბერალიზაცია (იმპორტისა და ექსპორტისათვის საჭირო დროის, დოკუმენტების, პროცედურების და სავაჭრო ტარიფების დრამატული შემცირება), მოქნილი შრომის კანონმდებლობის შექმნა და სხვა.
ბენდუქიძის პრივატიზაციის პოლიტიკამ და რეფორმებმა დიდი რაოდენობით სხვადასხვა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. მაგალითად, 2004-2008 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი რაოდენობა 5.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 702 მილიონი აშშ დოლარი დიდი ბრიტანეთიდან, 512 მილიონი აშშ დოლარი - აშშ-დან, 438 მილიონი აშშ დოლარი - არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, 444 მილიონი აშშ დოლარი - თურქეთიდან და 307 მილიონი აშშ დოლარი ყაზახეთიდან შემოვიდა. რუსეთიდან ინვესტიცია მხოლოდ 232 მილიონი აშშ დოლარი იყო. თუ კვიპროსიდან შემოსულ ინვესტიციებსაც მივათვლით (რადგან რუსული კომპანიები ხშირად რეგისტრირდებიან კვიპროსში), ეს რიცხვი 515 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც იმ პერიოდში მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 10%-საც არ შეადგენს.
მიუხედავად 2006 წელს რუსეთის მიერ ბუნებრივი აირისა და ელექტროობის მოწოდების შეწყვეტისა და ამავე წელს რუსეთის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დადებული ემბარგოსი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2008 წლის საერთაშორისო ფინანსური კრიზისისა, ბენდუქიძის რეფორმების შედეგად საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა და საშუალო ზრდამ 7%-ს მიაღწია, 2004 წლიდან 2012 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით სავაჭრო ბრუნვა 310%-ით, საგადასახადო შემოსავლები 380%-ით და მშპ 60%-ით (მუდმივ 2003 წლის ფასებში) გაიზარდა.
„აირჩიეთ, როგორი ეკონომიკური ზრდა გინდათ? იცოდეთ: წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს. წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის. წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში. წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები. წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით. არაფერი არ ვიქნებით.“ - კახა ბენდუქიძე, “მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და გასაკეთებელი არჩევანი“, ტაბულა, 2010 წელი.
კახა ბენდუქიძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე. განათლებით ბიოლოგმა, მისი პირველი ბიზნესი „ბიოპროცესი“ დააარსა 1987 წელს.
მან ზრდასრულობის წლები მოსკოვში გაატარა. თუმცა, 2004 წლისთვის ბენდუქიძემ აქტივების გადაცემა დაიწყო და საქართველოში დაბრუნდა.
გატარებული რეფორმებისა და საუკეთესო უნივერსიტეტების შექმნის გამო, The New Yorker-მა კახა ბენდუქიძე მოიხსენია ადამიანად, რომელმაც საქართველო გარდაქმნა (The man who remade Georgia).