22/04/2016
ბატონო გრიგოლ, დღეს თქვენი დაბადების დღეა. მენატრებით, უსაშველოდ მენატრებით! მენატრება თქვენი ღვთაებრივი ღიმილი და ბავშვივით გულუბრყვილო გამოხედვა. მუდმივად ძიებაში მყოფი გონება, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ თქვენს იდეებს განხორციელება არ ეწერა, მაგრამ თქვენი დაჟინებული და თანმიმდევრული მეცადინეობით ყველაფერი განახორციელეთ. თქვენი ბუნებიდან გამომდინარე ვერც წარმოგედგინათ თქვენს უნივერსიტეტს ვიღაცეების გულგრილი გადაწყვეტილებით ავტორიზაცია შეუჩერდებოდა. ასაკში მყოფი ადამიანისთვის ძალიან ძნელი იყო ასეთი დარტყმის მიყენება. მახსოვს თქვენი გაოგნებული სახე, როცა ,,განაჩენი ‘’ გამოგვიტანეს. ჩემს მეხსიერებაში ,,ნატვრის ხეში’’ სესილია თაყაიშვილის პერსონაჟივით ჩაიბეჭდეთ. ისეთივე უსუსური და ადამიანების გულგრილობით წელში გატეხილი ძლივს წამოდექით ფეხზე და დერეფანში უკვე მომავლის გეგმებს სახავდით და უკეთესი პროგრამების წარდგენას აპირებდით...
თქვენ ჩემთვის მამასავით საყვარელი, განუმეორებელი და მისაბაძი პიროვნება ბრძანდებით, მახსოვს ერთხელ შემოთავაზება მივიღე და თქვენ გკითხეთ რჩევა,, შვილივით გაგზარდე და არსად არ გაგიშვებო!’’ასეთი იყო თქვენი პასუხი. მეც სწორედ ეს მინდოდა და მოვდივარ მთელი ჩემი ცხოვრება იმ უნივერსიტეტთან ერთად , რომელიც თქვენი დამსახურებით ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. ღმერთმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი!